მარიხუანა

შსს: მარიხუანას ექსპორტის ბრიტანული გამოცდილება შევისწავლეთ

გიორგი გახარია
საქართველოს პარლამენტი

12 სექტემბრის მთავრობის სხდომის პირველი განსახილველი საკითხი "მცენარე კანაფის შესახებ" შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტია, ცვლილებათა პაკეტი მინისტრთა კაბინეტს ვიცეპრემიერმა გიორგი გახარიამ წარუდგინა. საკანონმდებლო ცვლილების მიღების შემთხვევაში საქართველოში მოიყვანენ და გადაამუშავებენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე გავა. 

კანონპროექტი ჯერ საჯარო არაა, მისი აღწერილობის შესახებ ამ დროისთვის მხოლოდ შსს-ს განმარტებები არსებობს. უწყების ინფორმაციით, მათ ცვლილების შემუშავებისას ბრიტანული, კანადური, ავსტრალიური და სხვა ქვეყნების გამოცდილება შეისწავლეს. 

საექსპორტოდ განკუთვნილი მარიხუანას წარმოება ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, სამინისტროს ინფორმაციით ამ ლიცენზიას მხოლოდ ის კომპანიები მიიღებენ, რომლებიც ტექნიკურ რეგლამენტს სრულად დააკმაყოფილებენ. ეს ტექნიკური მოთხოვნები ჯერჯერობით უცნობია. 

"სამედიცინო მიზნით კანაფის მოყვანა-წარმოება ექსპორტისთვის მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული ლიცენზირებადი საქმიანობა იქნება, ხოლო ​ლიცენზიის გაცემაზე და პირობების შესრულებაზე განხორციელდება მკაცრი კონტროლი დამოუკიდებელი სააგენტოს მიერ. ასევე, მკაცრი ფინანსური სანქციები და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული ლიცენზიის პირობების დარღვევისთვის. გარდა ამისა, მოყვანა-წარმოების პროცესში კონკურენციის შენარჩუნების მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ლიცენზიის სხვადასხვა სახეებს, რაც გამორიცხავს მთლიანი საწარმოო ჯაჭვის რომელიმე კომპანიის მიერ მონოპოლიზაციას,"- წერია სამინისტროს განცხადებაში

ბრიტანული გამოცდილება:

გაეროს 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, დიდი ბრიტანეთი სამედიცინო მიზნებისთვის განკუთვნილი ლეგალური მარიხუანას წარმოებით მსოფლიოში მოწინავეა. იმის მიუხედავად, რომ ბრიტანეთში მარიხუანას მოხმარება არალეგალურია, ქვეყანაში არსებობს კანონმდებლობა, რომელიც ფარმაცევტული და სამეცნიერო მიზნებისთვის მის წარმოებას შესაძლებელს ხდის. 2016 წელის მდგომარეობით, მსოფლიოში ამ მიზნისთვის განკუთვნილი სულ 211 ტონა მარიხუანა მოიყვანეს. აქედან 95 ტონა ბრიტანული იყო.

რაც შეეხება მის ექსპორტს, აქაც პირველ ადგილზე დიდი ბრიტანეთია, რომელმაც 2016 წელს 2.1 ტონა მარიხუანა გაყიდა, 500 კილოგრამით მეორე ადგილზეა ნიდერნალდები, ხოლო მესამეზე კი ავსტრია 200 კილოგრამით.

ანგარიშის მიხედვით, ევროკავშირის ტერიტორიაზე, ლეგალური მარიხუანას ყველაზე დიდი ნარგავები ბრიტანეთშია, მათი საერთო ფართობი 117 ჰექტარია. 15 ჰექტარით მეორე ადგილზე პორტუგალიაა. 

რა მედიკამენტები მზადდება მარიხუანას გადამუშავებით მიღებული პროდუქტისგან?

ამ დროისთვის ჯანდაცვის სექტორის ყველაზე ავტორიტეტულ მარეგულირებელ ორგანოს, აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) სულ რამდენიმე მედიკამენტი აქვს რეგისტრირებული, რომლის ძირითადი აქტიური ნივთიერებაც მარიხუანას გადამუშავებით მიიღება. 

დრონაბილონი (სავაჭრო სახელწოდება მარინოლი) - არის THC-ს სინთეზირებული ფორმა და გამოიყენება შიდსით დაავადებულ პაციენტებში ანორექსიის სამკურნალოდ და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად პაციენტებში, რომლებიც ქიმიოთერაპიას გადიან.

ნაბილონი, ასევე სინთეზირებული THC-ის ფორმაა, რომელსაც იყენებენ გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებად, ქრონიკული ტკივილის მართვისთვის ფიბრომიალგიის და გაფანტული სკლეროზის დროს.

ეპიდიოლექსი, რომელიც არის მარიხუანისგან პირდაპირ მიღებული CBD, გამოიყენება ეპილეფსიის ორი მძიმე ფორმის სამკურნალოდ (ლენოქსის სინდრომი და დრავეს სინდრომი).

 

კომენტარები