მთავრობა გეგმავს ბიზნესს 200,000 ლარამდე სესხის უცხოურ ვალუტაში აღება აუკრძალოს

ტაბულა

საქართველოს მთავრობა "დედოლარიზაციის" რეგულაციების ახალი ტალღის დასაწყებად ემზადება. პროექტი რომელზეც მთავრობა მუშაობს კერძო ბიზნესისთვის 200,000 ლარამდე მოცულობის სესხების უცხოურ ვალუტაში აღების აკრძალვაა. მსგავსი აკრძალვა ფიზიკურ პირებთან მიმართებაში 2017 წლიდან მოქმედებს. 

დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შესახებ დღეს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა საქმის კურსთან ისაუბრა. მისი თქმით, მცირე ბიზნესებს უმეტესად არ აქვთ შესაბამისი ფინანსური განათლება, რის გამოც მათი სესხები არაჰეჯირებულია (დაუზღვეველია). მინისტრის თქმით, მათ ეს ბიზნესები ფიზიკურ პირებს "ფილოსოფიურად" გაუთანაბრეს.

"ზუსტად ამ ოდენობის სესხებს, აღმოჩნდა, რომ ეს არის საცხობები, საკონდიტროები და მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის ბიზნესები, რომელთაც ჰეჯირების და სავალუტო რისკების დათვლის ისეთი კომპტენცია არ აქვთ. ამიტომ ფილოსოფიურად გავუთანაბრეთ ფიზიკურ პირებზე დაწესებულ ზღვარს და შევეცადეთ, რომ ისინიც დაგვეზღვია ამ რისკისგან,"- ამბობს მაჭავარიანი. 

უცნობია როდის მოახდენს მთავრობა ამ საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას და მასთან ერთად კიდევ რა დამატებით რეგულაციებს დაუწესებს ის საქართველოს მოსახლეობას. 

საქართველოს მოქალაქეებს 100,000 ლარამდე მოცულობის სესხების უცხოურ ვალუტაში აღება 2017 წლის 1 იანვრიდან აეკრძალათ. ეს მაშინდელი პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის და ფინანსთა მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენდა. 

მთავრობამ 2017 წლის ბოლოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ახალი მუხლიც ჩაამატა, რომლის შედეგადაც დოლარის სესხის გაცემა დასჯადი გახდა. მისთვის გათვალისწინებული სანქცია 1000 ლარია. 

რა შეიძლება მოჰყვეს ამ აკრძალვას:

უცხოური ვალუტის და უცხოეთის ეკონომიკის მიმართ საქართველოს მოსახლეობაში უფრო მაღალი ნდობაა, ვიდრე ქართული ეკონომიკის მიმართ. სწორედ ეს არის იმის მიზეზი, რომ ქვეყანაში არსებული დეპოზიტების 60% არის უცხოურ ვალუტაში ნომინირებული. რაც ნიშნავს რომ კომერციულ ბანკებს დოლარის უფრო მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე ლარის. იმ პირობებში, როდესაც ბიზნესისთვის დოლარის სესხის მიწოდება ხელოვნურად აიკრძალება, ბაზარზე ერთადერთი ალტერნატივა ლარის სესხი დარჩება. მოთხოვნის ხელოვნური ზრდის პირობებში მისი შეზღუდული ლარის რესურსით დაკმაყოფილებას შესაძლოა ამ პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოჰყვეს.

მნიშვნელოვანია, რომ ფიზიკური პირებისთვის 100,000 ლარამდე სესხების დოლარში გაცემის აკრძალვას გრძელვადიანი ლარის სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა მოჰყვა.

2017 წელს მთავრობა გეგმავდა, რომ ფიზკური პირებისთვის დაწესებული აკრძალვა 200,000 ლარამდე გაზრდილიყო, თუმცა, საბოლოოდ აღნიშნული ცვლილება არ განხორციელდა. 

 

კომენტარები