UN Women

UN Women საზღვაო ინდუსტრიაში ქალების განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერას იწყებს

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და ქალთა სანაოსნო და სავაჭრო ასოციაციასთან ერთად, საზღვაო ინდუსტრიაში ქალთა განათლებისა და დასაქმების მხარდაჭერას იწყებს.

UN Women-ის ინფორმაციით, შესაბამისი მემორანდუმი 13 სექტემბერს, ბათუმში მიმდინარე საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე გაფორმდება.

გაეროს ქალთა ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ამ დოკუმენტის ფარგლებში, მომდევნო ორი წლის განმავლობაში ქალებს შორის საზღვაო პროფესიების პოპულარიზაციისა და ამ ინდუსტრიაში მათი დასაქმების გაზრდისთვის სხვადასხვა ღონისძიება გატარდება. კერძოდ, ჩამოყალიბდება 4 მეზღვაური ქალის სახელობის ფონდი, რომელიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში საზღვაო ფაკულტეტის 4 სტუდენტი გოგოს სწავლას დააფინანსებს. ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით შეირჩევა 20 ქალი, რომელიც საკრუიზო ლაინერებზე დასაქმებისთვის პროფესიულ გადამზადებას გაივლის.

პარალელურად, მე-10 და მე-11 კლასელი გოგოებისთვის საჯარო ლექციები ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მათი საზღვაო პროფესიებით დაინტერესებას. ამას გარდა, გაეროს ქალთა ორგანიზაცია შესაბამის სამთავრობო უწყებებსა და კომპანიებს საზღვაო ინდუსტრიაში გენდერული საკითხების ინტეგრირებაშიც დაეხმარება.

"გაეროს ქალთა ორგანიზაცია მოხარულია, რომ საზღვაო ინდუსტრიაში, სადაც ძირითადად კაცები დომინერებენ, ქალთა შესაძლებლობის გაზრდას უწყობს ხელს. ზოგადად, შრომის ბაზრის სხვადასხვა სექტორში ქალთა თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პრიორიტეტს წარმოადგენს. ჩვენ უკვე გვაქვს ის ინსტრუმენტები, რომლებიც კერძო თუ საჯარო სექტორებს ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება. გენდერული მრავალფეროვნება სასარგებლო არა მხოლოდ ქალებისთვის, არამედ მთლიანად ეკონომიკისთვისაა", - ამბობს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში ერიკა კვაპილოვა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით საზღვაო ინდუსტრიაში კაცები დომინირებენ. ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ქალები ამ დარგში სამუშაო ძალის მხოლოდ 2%-ს შეადგენენ, თუმცა საერთაშორისო ინტერესი აღნიშნულ სფეროში ქალთა როლის მიმართ იმატებს.

კომენტარები