ტურიზი

აგვისტოში ტურისტებმა საქართველოში რეკორდული თანხა - $441 მილიონი დახარჯეს

სასტუმრო რუმსი, ყაზბეგი
designhotels.com

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, აგვისტოში საქართველოში მყოფმა უცხოელმა ვიზიტორებმა რეკორდული რაოდენობის თანხა - $441 მილიონი დახარჯეს.

ტურიზმის სექტორის შემოსავალმა $400 მილიონს პირველად 2018 წლის ივლისში გადააჭარბა. სულ ივლის-აგვისტოში საქართველომ ტურიზმიდან სულ $872 მილიონის შემოსავალი მიიღო. ხოლო იანვარ-ივლისში საერთო შემოსავალი $2.2 მილიარდს აჭარბებს. ეს საქართველოს ექსპორტის მთლიან შემოსავალს $50 მილიონით აღემატება. 

2018 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში 5.9 მილიონი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2017 წელთან შედარებით 12.2%-ით მეტია. მხოლოდ აგვისტოში საქართველოს საზღვარი 1,294,926-მა ადამიანმა გადაკვეთა, ეს წინა წელთან შედარებით 9.8%-ით მეტია. 

2017 წელს ტურისტების ხარჯმა $2.7 მილიარდი შეადგინა, რაც საქართველოს ეკონომიკის 6.9% იყო. 2018 წელს სავარაუდოდ, ეს რიცხვი $3 მილიარდს გადააჭარბებს. 

ქვეყნების რეიტინგი ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით ასე გამოიყურება:

  1. აზერბაიჯანი - 956 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 11%;
  2. რუსეთი - 923 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 22%;
  3. სომხეთი - 837 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 0.2%;
  4. თურქეთი - 802 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 21%;
  5. ირანი - 215 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 14.4%;
  6. უკრაინა - 119 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 1.9%;
  7. ისრაელი - 101 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 35%;
  8. საუდის არაბეთი - 43 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27%;
  9. გერმანია - 41 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 49%;
  10. ბელარუსი - 40 ათასი ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 44%.

რამდენი იყო ამ ვიზიტორებიდან ტურისტი

ამ 5.9 მილიონი ადამიანიდან საქართველოში 24 საათზე მეტხანს 1.7 მილიონი ვიზიტორი დარჩა, ეს კი წინა წელთან შედარებით 15%-ით მეტია. საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით, ტურისტებად სწორედ ის ვიზიტორები უნდა ჩაითვალონ, ვინც ქვეყანაში 24 საათზე მეტი ხნით რჩებიან და ქვეყნის მომსახურების სექტორს (რესტორნები, სასტუმროები და ა.შ.) იყენებენ.

ტურისტული ინფრასტრუქტურა და სასტუმროები:

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, საქართველოში სულ 2,342 სასტუმროს ტიპის ობიექტია (აქედან: 842 სასტუმროა, 938 საოჯახო სასტუმრო და 562 სხვა ტიპის განთავსების ობიექტი). ამ ობიექტებში ნომრების საერთო რაოდენობა 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს 23,083-ს, რაც 2017 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 48%-ით აღემატება. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი ნომერი აჭარაშია, მეორე ადგილზე თბილისა. 

თუ 2018 წლის ბოლომდე ვიზიტორთა ნაკადის არსებული ზრდა შენარჩუნდა, საქართველოს საზღვარს 8 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური გადაკვეთს. 

2017 წელს საქართველო ტურიზმის ზრდით მსოფლიო ათეულში შევიდა. წაიკითხეთ უფრო ვრცლად ბმულზე

კომენტარები