პარკინგი

კალაძე: არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ პარკინგზე მოქალაქეებს გაჩერება შეუზღუდოს

თბილისის მერია

თბილისის მერმა კახა კალაძემ ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს დაავალა, იმ ტერიტორიებზე, სადაც მუნიციპალური საპარკინგე ადგილები ხელოვნურად არის შეზღუდული, დროული მონიტორინგი განახორციელონ. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა.მისივე თქმით, კერძო პირებს - კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, მუნიციპალური საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი და მოსახლეობას მანქანის გაჩერების საშუალებას არ აძლევენ. 

„ხშირია შემთხვევები, როდესაც კომერციული სივრცეების მეპატრონეებსა და ე.წ. სტაიანშიკებს, საპარკინგე ადგილები მიზანმიმართულად აქვთ ჩაკეტილი, რომელიც მუნიციპალურია და რომლითაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ისარგებლონ. ეს მიდგომა ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მინდა დავავალო ზედამხედველობის სამსახურის უფროსს, გიორგი ბაგრატიონს, რაც შეიძლება მალე იქნეს მოწესრიგებული ეს ყველაფერი. ადამიანებს, ვინც პარკირების წლიურ აბონემენტს პატიოსნად იღებს, ელემენტარულად იმის საშუალება არ აქვთ, რომ ავტომობილები გააჩერონ. ამას ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. მყისიერი რეაგირება მოახდინეთ და თუ მოსაშლელია, მოშალეთ სპეციალური მონიშვნები, რაც კატეგორიულად მიუღებელია. იმოქმედეთ კანონის ფარგლებში, რადგან ეს ჩვეულებრივი სამართალდარღვევაა. ასევე, ხშირია შემთხვევები, რომ თუ „სტაიანშჩიკებს“ ფულს არ გადაუხდიან, მძღოლებს პარკირების შესაძლებლობას არ აძლევენ. ესეც კატეგორიულად მიუღებელია. არავის აქვს უფლება, მუნიციპალურ საპარკინგე ადგილებზე, სადაც მოქალაქეები შესაბამის საფასურს იხდიან, ვინმემ მათ ავტომობილის გაჩერება შეუზღუდოს“, - თქვა კახა კალაძემ.

მისი თქმით, მომავალი წლიდან, ქალაქში პარკირების ახალი მოდელი ამოქმედდება, რომელიც სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში შემუშავდა. ახალი მოდელი ზონალურ პარკირებას ითვალისწინებს, რაც კანონპროექტის სახით უკვე მომზადებულია და პარლამენტს გადაეგზავნება.

კომენტარები