საია შსს-ს მოუწოდებს, პატივი სცეს ტროტუარზე კარვის მეშვეობით შეკრების უფლებას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, პატივი სცეს ტროტუარზე კარვის განთავსების გზით ადამიანის მშვიდობიანი შეკრების უფლებას.

ამ განცხადებით ორგანიზაცია 11 სექტემბერს რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის დაპირისპირებას ეხმაურება, რომელიც ტროტუარზე კარვების გაშლას მოჰყვა. საია შესაბამის უწყებებს მოუწოდებს შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ეს ფაქტი და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ "შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" კანონის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციით ან/და საგნებით გადაკეტვა, თუმცა და ეს ნორმა კრძალავს საგნის ტრანსპორტის სავალ ნაწილზე განთავსებას, რაც ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას გამოიწვევს. საია-ში ამბობენ, რომ კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას.

"ტროტუარზე კარვის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ როგორც "პარტიზანი მებაღეების" საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს. "პარტიზანი მებაღეების" საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტროტუარზე კარვის დადგმის აკრძალვა დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ მაშინ, თუკი ამით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისათვის ხელის შეშლა.

გავრცელებული კადრებიდან ნათლად დგინდება, რომ ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მომხრეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილას, არამედ ტროტუარზე, სადაც ეს ქმედება არ იკრძალება. ამასთან, კარვის დადგმა ხდებოდა ღამით, პარლამენტის შესასვლელიდან მოშორებით. ეს გარემოება გამორიცხავდა იმას, რომ კარვის მეშვეობით პარლამენტის პარალიზება ან მისი ნორმალური მუშაობისათვის ხელის შეშლა მომხდარიყო. კარვის დადგმა განპირობებული იყო წვიმიან ამინდში მშვიდობიანი შეკრების გაგრძელების აუცილებლობით. ამგვარად, არ არსებობდა პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების მანერის შეზღუდვის არავითარი აუცილებლობა", - აღნიშნავენ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

11 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე, ზაზა სარალიძესა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მომხრეები კარვის გაშლას ცდილობდნენ, რისი უფლებაც პოლიციამ არ მისცა. ამას სარალიძეს, აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეხლა-შემოხლა მოჰყვა. შედეგად, ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა და სამედიცინო დაწესებულებაშია გადაიყვანეს. ექიმების აკრძალვის მიუხედავად ის შიმშილობას აგრძელებს და ამ დროისთვისაც პარლამენტის შენობასთან იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძემ მომხდარის გამო პოლიციელებს ფეისბუქის საშუალებით ბოდიში მოუხადა.

"მე ბოდიშს ვუხდი პოლიციელებს რომლებიც ჩემი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდნენ და ბოდიშს ვუხდი იმ უღირსი პოლიციელების გამოც ვინც არცხვენს ჩვენი პოლიციის მუნდირს", - წერს სარალიძე.

კომენტარები