თბილისის მერია

თუ არასრულწლოვანი ცხოველს აწამებს, პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება - მერიის ინიციატივა

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, კანონმდებლობა გამკაცრდება და სასჯელის სხვადასხვა სახე განისაზღვრება. მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი უკვე მომზადდა. კალაძემ აღნიშნა, რომ ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველების წამების შემთხვევაში, სასჯელი იქნება - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მშობელს, ან კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო, როგორც ცივი იარაღით, ასევე ე.წ. კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ და კანონი გამკაცრდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

"ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახე - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი  მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის, ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. აღნიშნული პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს ძალიან მალე გადაეგზავნება და მინდა, პარლამენტს თანამშრომლობისკენ მოვუწოდო. ამ რეგულაციებით შესაძლებელი იქნება, პირველ რიგში, ცხოველების გადარჩენა და მეორეც - ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება. მგონია, რომ ამ კანონპროექტს, როგორც პარლამენტის, ასევე, საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა კალაძემ.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად/არაერთგზის/მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები