ცხოველის წამება

შინაპატიმრობა, ჯარიმა, ერთ წლამდე პატიმრობა - ცხოველის წამებისთვის კანონი მკაცრდება

თბილისის მერია

ცხოველების წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, კანონმდებლობა გამკაცრდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, უკვე მომზადდა. თბილისის მერის ცნობით, ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველების წამების შემთხვევაში, სასჯელი იქნება - საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მშობელს, ან კანონიერ წარმომადგენელს დაეკისრება.

"სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, მათ შორის იყო, როგორც ცივი იარაღით, ასევე ე.წ. კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მომზადდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მადლობა მინდა გადავუხადო, იმიტომ, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი შემთხვევები თავიდან ავიცილოთ და კანონი გამკაცრდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ და აღნიშნა, რომ ცვლილებათა პაკეტი საკანონმდებლო ორგანოს უახლოეს მომავალში გადაეგზავნება.

"მინდა, პარლამენტს თანამშრომლობისკენ მოვუწოდო. ამ რეგულაციებით შესაძლებელი იქნება, პირველ რიგში, ცხოველების გადარჩენა და მეორეც - ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება. მგონია, რომ ამ კანონპროექტს, როგორც პარლამენტის, ასევე, საზოგადოებისგან დიდი მხარდაჭერა ექნება“, - აღნიშნა კალაძემ.

დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობა ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ჯგუფურად/არაერთგზის/მცირეწლოვნის თანდასწრებით, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

კომენტარები