ვანო მერაბიშვილის საქმე

სასჯელაღსრულება: ვანო მერაბიშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

Reuters

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ყოფილ პრემიერმინისტრ ვანო მერაბიშვილს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისი მკურნალობა აქვს დანიშნული. პენიტენციური სამსახური აღნიშნავს, რომ ინფორმაციას "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე" ავრცელებს.

"12 სექტემბერს, პენიტენციური დაწესებულების მედპერსონალის გადაწყვეტილებით, მიმდინარე მკურნალობის შედეგების შეფასების მიზნით, ივანე მერაბიშვილი N9 პენიტენციური დაწესებულებიდან გადაიყვანეს სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც თავად მსჯავრდებულთან კონსულტაციის შედეგად შეირჩა. ივანე მერაბიშვილი კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში“ 12 სექტემბერს 19.00 საათზე მიიყვანეს, მას დამატებითი გამოკვლევები ჩაუტარდა, რის შემდეგაც 20:55 საათზე მსჯავრდებული კვლავ N9 პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდა.

დღეს, 13 სექტემბერს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსისგან“ მსჯავრდებულ ივანე მერაბიშვილისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები მიიღო. ივანე მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მსჯავრდებულის ადვოკატის თხოვნის დასაკმაყოფილებლად, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ივანე მერაბიშვილისგან მოიპოვა ოფიციალური თანხმობა, რათა მისი პირადი სამედიცინო ინფორმაცია მის ადვოკატს გადასცემოდა. ივანე მერაბიშვილის ადვოკატს მსჯავრდებულისთვის გუშინ ჩატარებული გამოკვლევების შედეგები და დიაგნოზი ფოსტით უკვე გაეგზავნა და განემარტა, რომ იგივე დოკუმენტაცია შეუძლია გაიტანოს ხელზეც.

რაც შეეხება დიაგნოზს, არ ვართ უფლებამოსილები, მსჯავრდებულის პირადი ინფორმაცია გავასაჯაროოთ, თუმცა აღვნიშნავთ, რომ მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება" - აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.

საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ციხიდან კლინიკაში ერთი თვის წინაც გადაიყვანეს. მისი ადვოკატის თქმით, ვანო მერაბიშვილის სასუნთქი გზების პრობლემა აქვს.

ყოფილი პრემიერმინისტრი და შინაგან მინისტრი ვანო მერაბიშვილი 2013 წლის მაისში მითვისება-გაფლანგვის და ამომრჩევლის მოსყიდვის ბრალდებით დააკავეს, მოგვიანებით კი სხვა ბრალდებებიც წარუდგინეს - 2011 წლის 26 მაისის აქციისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეებზე უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით. მერაბიშვილი 2014 წელს სასამართლომ დამნაშავედ ცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ციხიდან გაყვანის შესახებ ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ იგი მთავარ პროკურორთან შესახვედრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ვანო მერაბიშვილის საკნიდან  გაყვანის საქმეზე გამოძიება მხოლოდ ევროსასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან. საქმეზე „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-18 მუხლის, მე-5 მუხლის პირველ პუნქტთან ერთობლიობაში დარღვევა. 

2017 წლის 22 თებერვალს, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულების დაწესებულების საკნიდან ივანე მერაბიშვილის შესაძლო გაყვანის ფაქტზე გამოძიება დაასრულა. უწყების მტკიცებით, "ჩატარებული გამოძიებით არ დადასტურდა ივანე მერაბიშვილის მიმართ მის მიერ გაცხადებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი". პროკურატურის განცხადებით, "ერთადერთი მოწმე, რომელიც მიუთითებდა ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტობრივ გარემოებებზე, არის თავად ივანე მერაბიშვილი".

კომენტარები