არქეოლოგიური აღმოჩენა

სამხრეთ აფრიკაში 73 000 წლის ნახაზი აღმოაჩინეს და ის ჰეშთეგს ჰგავს

0 კომენტარი

დაახლოებით 73 000 წლის წინ, დღევანდელი სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე, გამოქვაბულ ბლომბოსში, ჩვენმა წინაპარმა წაწვეტებული, რკინით მდიდარი წითელი ქვა აიღო და მეორე ქვაზე ურთიერთგადამკვეთი ხაზები გაავლო.

2011 წელს ვითვოთერსენდის უნივერსიტეტის მკვლევარი ლუკა პოლაროლო ბლომბოსის არქეოლოგიურ ძეგლში ამოთხრილ არტეფაქტებს ალაგებდა, როცა შემთხვევით ფეხი წამოკრა ქვას, რომელზეც გამოსახული იყო ექვსი სწორი, პარალელური ხაზი, რომელსაც დიაგონალურად სამი კლაკნილი ხაზი კვეთდა.  

გუშინ, 12 სექტემბერს ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებული სტატიაში მკვლევართა საერთაშორისო გუნდი ამტკიცებს, რომ მათ მიერ აღმოჩენილი დახაზული ქვა დაახლოებით 30 000 წლით უფრო ძველია, ვიდრე აქამდე აღმოჩენილი გამოქვაბულის ნახატები. ამ აღმოჩენის დადასტურებას არქეოლოგები შვიდი წლის განმავლობაში ცდილობდნენ. 

"ეს ადამიანის მიერ შექმნილი პირველი ნახაზია. რას ნიშნავს ის? არ ვიცი. მაგრამ ვიცი, რომ ის რაც ჩვენთვის გაუგებარია, რაღაც მნიშვნელობის მქონე იყო იმ საზოგადოებისთვის, რომელმაც იგი შექმნა."- ამბობს კვლევითი ჯგუფის წევრი, ბორდოს უნივერსიტეტის არქეოლოგი ფრანჩესკო ერიკო. 

ცნობილი არქეოლოგიური ძეგლი, ბლომბოსის გამოქვაბული სამხრეთ აფრიკის უკიდურესად სამხრეთ ნაწილში, კეიპტაუნიდან 300 კილომეტრში მდებარეობს. გათხრებისას აღმოჩენილ იგივე პერიოდის არტეფაქტებს შორისაა მაშინდელი ჰომო საპიენსის კბილები და ძვლები, ისევე როგორც 70 000-100 000 წლით დათარიღებული ორპირა შუბები და ოხრით შეღებილი სამკაულები. არქეოლოგების ვარაუდით პრეისტორიული ჰეშთეგი უფრო დიდი და რთული ნახაზის ნაწილი უნდა ყოფილიყო. 

ეს აღმოჩენა ცვლის ჩვენს წარმოდგენას აფრიკაში მცხოვრები Homo Sapien-ის ქცევის შესახებ. კვლევის ავტორების თქმით, სამხრეთ აფრიკის მაშინდელი მონადირე-შემგროვებელი ტომები მატერიალურ კულტურას სიმბოლურ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები