სავალუტო რეზერვები

ლარის გაუფასურების მიუხედავად, ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $5 მილიონი შეისყიდა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს სავალუტო ინტერვენციის გადაწყვეტილება მიიღო. სებ-მა ლარის გაუფასურების მიუხედავად, სავალუტო რეზერვების გაყიდვის ნაცვლად მათი შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო და ბაზრიდან $5 მილიონი შეისყიდა. გარიგებაზე დამდგარი კურსი დოლართან 2.61 ლარად იყიდა.

ეს 2018 წლის რიგით მერვე სავალუტო ინტერვენციაა, ჯამში ეროვნულმა ბანკმა $92.5 მილიონი შეისყიდა.

ეროვნული ბანკის მიერ $5 მილიონის შესყიდვის მიუხედავად, დღეს კურსი დოლართან მიმართებით 0.4 თეთრით გამყარდა. 

სებ-ის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ 2018 წლის აპრილში თქვა, უცხოური ვალუტის შესყიდვის მთავარი მიზეზი საქართველოს სავალუტო რეზერვების შევსებაა, რომელმაც გასულ წლებში ვარდნა განიცადა. გვენეტაძის თქმით, ინტერვენციები მოხდება ისე, რომ ლარის გაცვლითი კურსის მიმართულება უცვლელი დარჩეს.

"ეროვნული ბანკი ასეთ ინტერვენციას აუცილებლად განახორციელებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ეროვნული ბანკის საერთაშორისო სავალუტო რეზერვები შეივსოს. მოგეხსენებათ, დღესდღეობით ეროვნული ბანკის რეზერვები არ არის ადეკვატური და საჭიროა მათი ზრდა,"- ამბობს გვენეტაძე.

2014 წელს ეროვნულმა ბანკმა $300 მილიონი გაყიდა და $200 მილიონი შეისყიდა. 2015-ში სებ-მა $286 მილიონი დოლარი გაყიდა, ამ წელს ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო ეროვნულ ბანკს რეზერვები არ შეუსყიდია. 2016 წელს კი სებ-მა სავალუქტო აუქციონზე $280 მილიონი დოლარი გაყიდა და $278 მილიონი შეისყიდა.

2017 წელს სებ-ს რეზერვები არ გაუყიდია, მან $129.7 მილიონი დოლარი შეისყიდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ღვინჯილია

კომენტარები