არჩევნები 2018

ჭყონია: პოლიტიკურ პროცესებში "კოკა-კოლას" სახელით არ ვერევით არავითარ შემთხვევაში

ტაბულა

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ "კოკა-კოლა ბოთლერ ჯორჯიას" დირექტორის, ვახტანგ ლაღძის მიერ სალომე ზურაბიშვილისთვის საარჩევნოდ გაცემულ თანხასთან, კომპანიას კავშირი არ აქვს. 

ჭყონიას თქმით, მისთვის ეს მიუღებელია და ლაღიძის შეწირულობას ზურაბიშვილთან ახლობლობას უკავშირებს. 

"მერწმუნეთ, კომპანიას აბსოლუტურად კავშირი არ აქვს არცერთ პოლიტიკურ მიმდინარეობასთან. კატეგორიულად აკრძალული გვაქვს, კონტრაქტშიც გვაქვს ჩაწერილი, რომ პოლიტიკურ პროცესებში "კოკა-კოლა ბოთლერის" სახელით არ ვერევით არავითარ შემთხვევაში. კრიტიკულად ვუდგები ამ საკითხს, როგორც მფლობელი. კომპანია უყვარს მთელს ხალხს, როგორ შეიძლება პოზიციის დაფიქსირება. ეს კატეგორიულად მიუღებელია ჩემთვის. მე ცოტა აღელვებული ვარ და ჯერ არ მილაპარაკია ლაღიძესთან. მე როგორც ვიცი, ლაღიძეს ემიგრაციაში ჰყავს ნათესავები და იქიდან იცნობენ ერთმანეთს დიდი ხანია და შეიძლება, ამით დაუფიქსირა მეგობრობა, ნათესაობა თუ რაღაც. ვიმეორებ, რომ კომპანიას კატეგორიულად, არავითარი ურთიერთობა არ აქვს არცერთ პოლიტიკურ პროცესთან და არც შეიძლება ჰქონდეს",- ამბობს ჭყონია ტაბულასთან საუბარში.

კითხვაზე, დაუჭერს თუ არა მხარს ბიზნესმენი რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს, ჭყონია ამბობს, რომ ეს საკითხი არ აინტერესებს. 

"პრეზიდენტის უფლებამოსილებები და მისი სიძლიერე იმდენად დაქვეითებულია, რომ საერთოდ არ მაინტერესებს ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი",- თქვა მან. 

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილ კანდიდატს ყველაზე მეტი თანხა კომპანია "კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას" დირექტორმა ვახტანგ ლაღიძემ გადაურიცხა. შემოწირულობის ოდენობა 50,000 ლარია. 

კომენტარები