უაქციზო სიგარეტი

დიდი ოდენობით უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციისთვის 2 პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მარკირებას დაქვემდებარებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის ორ ფაქტზე ორი პირი დააკავეს. უწყებაში ამბობენ, რომ ერთი შემთხვევა შიდა ქართლში მოხდა, მეორე კი სამეგრელო-ზემო სვანეთში.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ შემთხვევაში, შიდა ქართლის რეგიონში, ბრალდებული მისი მართვის ქვეშ არსებულ ავტობუსში მოწყობილი სამალავებით 27 900 კოლოფი უაქციზო სიგარეტის გადაზიდვას ახდენდა. ხოლო მეორე შემთხვევაში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ბრალდებულს, მისივე მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით, სარეალიზაციოდ გამზადებული 1 988 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა", - ამბობენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 75 000 ლარს აღემატება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები