არჩევნები 2018

ISFED კახა ბექაურს ზეწოლაში და საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაში ადანაშაულებს

GNCC

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშირისო საზოგადოება 14 სექტემბერს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახა ბექაურის მიერ პრესკონფერენციაზე გაჟღერებულ ბრალდებებს ეხმაურება. 

ISFED ამბობს, რომ მათი ანგარიშის გამო, სადაც კომისიის საქმიანობაზეც იყო საუბარი, ბექაური ორგანიზაციას თავს დაესხა.

"ბექაურის პრესკონფერენცია ცალსახად მიმართული იყო ორგანიზაციის საქმიანობის დისკრედიტაციისკენ. "სამართლიან არჩევნებზე" თავდასხმის მიზნით გამართულ პრესკონფერენციაზე კომისიის თავმჯდომარის ბრალდებები იყო არათანმიმდევრული, დაუსაბუთებელი და აზრს მოკლებული. სხვადასხვა უსაფუძვლო ბრალდებებთან ერთად, პრესკონფერენციაზე და შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზში ბექაური მიმართავდა "სამართლიანი არჩევნების" დონორებს ორგანიზაციის დაფინანსების გადახედვასთან დაკავშირებით", - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

"სამართლიანი არჩევნები" კახა ბექაურის, როგორც სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელის მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს მადისკრედიტირებელს უწოდებს და აფასებს, როგორც ზეწოლას და ორგანიზაციის საქმიანობის შეზღუდვის მცდელობას, "რაც სრულიად დაუშვებელია და დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს".

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ბექაურის განცხადებაში ანგარიშთან დაუკავშირებელი გარემოებების და ფაქტობრივი უზუსტობების სიმრავლეა, რაც არასერიოზულს ხდის მის ბრალდებებს და მათზე არგუმენტირებული მსჯელობის შესაძლებლობას ამცირებს.

"როგორც ბექაურის საუბრიდან ჩანს, საზოგადოებრივი აზრის კვლევებთან დაკავშირებით, იგი ერთმანეთში ურევდა "სამართლიანი არჩევნების" მიერ 13 სექტემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშს და ამავე დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" მიერ მოწყობილ დისკუსიაზე გამოთქმულ მოსაზრებებს, რომელშიც "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი არ მონაწილეობდა. გარდა ამისა, "რუსთავი 2"-ის თემაზე, კახა ბექაური, როგორც ჩანს, საუბრობდა 2017 წელს მარეგულირებლის მიერ ამავე ტელეკომპანიის სამართალდამრღვევად ცნობის ფაქტზე, ხოლო "სამართლიანი არჩევნები" ანგარიშში აფასებდა კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს გადაწყვეტილებას "რუსთავი 2"-ის სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ და ეყრდნობოდა იმ სხდომის ოქმს, რომელსაც "სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი პირადად ესწრებოდა", - ამბობენ ორგანიზაციაში.

ISFED-ი განმარტავს, რატომ უწოდებს კახა ბექაურის ბრალდებებს არათანმიმდევრულს, უსაფუძვლოსა და დაუსაბუთებელს.

გარდა ამისა, "სამართლიან არჩევნებში" ასევე აღნიშნავენ, რომ როგორც ჩანს, კახა ბექაურს არ ესმის კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენა საარჩევნო გარემოზე, რაც მისსავე კვალიფიციურობას აყენებს ეჭვქვეშ.

"14 სექტემბრის პრესკონფერენციაზე "სამართლიანი არჩევნების" დისკრედიტაციის მიზნით, ბექაური ორგანიზაციას "არაკვალიფიციურობასა" და "უცოდინრობაში" სდებდა ბრალს, ორგანიზაციის შესაძლო მიკერძოებულობაზე აპელირებდა და სვამდა კითხვებს თუ რატომ მოხვდა, მისი თქმით, არასაარჩევნო პერიოდში მომხდარი ფაქტი წინასაარჩევნო ანგარიშში. როგორც ჩანს, ბატონ ბექაურს არ ესმის კომისიის გადაწყვეტილებების შესაძლო გავლენა საარჩევნო გარემოზე, რაც მისსავე კვალიფიციურობას აყენებს ეჭვქვეშ. ბექაურის არათანმიმდევრული განცხადებები და ფაქტობრივი გარემოებების აღრევა არაპროფესიონალური, ხოლო ბექაურის მიერ მტკიცებულებების გარეშე მიკერძოებულობაზე აქცენტის გაკეთება - დაუსაბუთებელი, არასერიოზული და არაეთიკურია", - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

"სამართლიანი არჩევნები" საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მოუწოდებს, გაიაზროს მისი, როგორც მიუკერძოებელი სახელმწიფო ორგანოს როლი, კრიტიკას უპასუხოს არგუმენტირებულად და დაიცვას ეთიკური კომუნიკაციის ნორმები.

"მნიშვნელოვანია კომისიამ და მისმა თავმჯდომარემ სწორად გაიაზრონ საკუთარი როლი საარჩევნო პროცესში და თავი შეიკავონ სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციის დისკრედიტაციის, მასზე ზეწოლის, და მისი საქმიანობის შეზღუდვის მცდელობებისგან, რადგან მსგავსი ქმედებები კითხვებს აჩენს საპრეზიდენტო არჩევნების წინ კომისიის სანდოობასა და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით", - აღნიშნავს ISFED.

შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს "სამართლიანმა არჩევნებმა" წინასაარჩევნო პერიოდის მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც შეფასებული იყო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მაუწყებლებისთვის საზოგადოებრივი აზრის კვლევის გადამოწმებაზე პასუხისმგებლობის დაკისრება და "რუსთავი 2"-ის საქმის განხილვა.

"კრიტიკას იმსახურებს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინსტრუქცია ტელეკომპანიებისთვის არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების სანდოობის გადამოწმების ვალდებულების დაკისრების შესახებ. მსგავსი ვალდებულებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარ ფუნქციას - უზრუნველყოს თანაბარი მედიაგარემო და ამომრჩევლისთვის ინფორმაციაზე წვდომის უფლება. პრობლემურია კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაჯარიმების შესახებ მარეგულირებლის შეტყობინების გარეშე არასაარჩევნო პერიოდში ტელეკომპანიის ეთერში ფასიანი პოლიტიკური რეკლამის გადაცემის გამო. აღნიშნული შეტყობინების ვალდებულება მაუწყებლებს მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში, არჩევნებამდე 50 დღით ადრე აქვთ. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს მაუწყებლებზე და მათ პოტენციურად თავი შეიკავონ პოლიტიკური/წინასაარჩევნო ხასიათის რეკლამის განთავსებისგან არასაარჩევნო პერიოდში", - აღნიშნულია ანგარიშში.

სწორედ ამას მოჰყვა კომისიის თავმჯდომარის ბრიფინგი, სადაც მან მოითხოვა "სამართლიანმა არჩევნებმა" არასწორი და არაკვალიფიციური ინფორმაცია ანგარიშიდან ამოიღოს.

კომენტარები