კრიმინალი

შსს: ოზურგეთში 17 წლის პირის დაჭრის ფაქტი გახსნილია, დავაკავეთ ერთი ადამიანი

შსს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც დღეს ოზურგეთში 17 წლის ა.ნ. დაჭრა, დაკავებულია. გამოძიება 1987 წელს დაბადებულ თ.ც.-ს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავება.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 15 სექტემბერს, ოზურგეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2001 წელს დაბადებულ ა.ნ.-ს ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებული ოზურგეთის საავადმყოფოში არის გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნავენ უწყებაში.

შსს-ში ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა თ.ც., მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს და ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

მათივე ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკებისას, საკუთარი ცივი იარაღით დაზიანებები ბრალდებულმაც მიიღო და მას სამედიცინო დახმარება მედიკოსებმა უკვე აღმოუჩინეს.

გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რომელიც 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები