კანაფის წარმოება

სამინისტრო: კანაფის წარმოებაზე 150 ლიცენზია გაიცემა, ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის

მარიხუანა
www.npr.org

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტებით, სამედიცინო დანიშნულებისთვის განკუთვნილი კანაფის წარმოების ლიცენზიის ღირებულება ამ ეტაპზე განსაზღვრული არ არის. უწყებაში ამბობენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ლიცენზიის ღირებულება 25 ათასი ლარია, სიმართლეს არ შეესაბამება.

"კანონპროექტით განსაზღვრული თანხა სალიცენზიო მოსაკრებელია, რაც ლიცენზიაზე განაცხადის გაკეთების წინაპირობაა. აუქციონის მონაწილეებს ეს თანხა უკან არ დაუბრუნდებათ", - აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა ამისა, სამინისტროში ამბობენ, რომ ასევე, უსაფუძვლოა განცხადებები მონოპოლიური სქემის შექმნასთან დაკავშირებითაც.

"სამედიცინო დანიშნულების კანაფის მოყვანა, მისი გადაზიდვა და გადამუშავება იქნება ერთმანეთისგან გამიჯნული საქმიანობა. ლიცენზიების რაოდენობა იქნება არანაკლებ 150-ისა, რაც გამორიცხავს ეკონომიკის მონოპოლიზებას", - ამბობენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

მათივე განმარტებით, კანაფის წარმოებას ახალი უწყება, "კანაფის კონტროლის სააგენტო" გააკონტროლებს და ის სამედიცინო დანიშნულებისთვის იქნება განკუთვნილი. უწყებაში აღნიშნავენ, რომ "კანაფის კონტროლის სააგენტო" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

"სააგენტოს უფროსს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დანიშნავს. სამინისტროში სააგენტოს სტრუქტურაზე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა", - აღნიშნავენ უწყებაში.

კომენტარები