კრიმინალი

ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით მრავალგზის ნასამართლევი პირი დააკავეს

შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ტურისტების გაქურდვის ბრალდებით, 1963 წელს დაბადებული, წარსულში მრავალგზის ნასამართლევი მ.ს. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ტურისტების დროებითი საცხოვრებელი ბინიდან სხვადასხვა სახის ნივთები და თანხა მოიპარა. სამართალდამცველებმა მ.ს. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნაქურდალი ნივთები და თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო", - აღნიშნავენ უწყებაში.

გარდა ამისა, შსს-ში ამბობენ, რომ დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი, 8 ვაზნა, ოქროსა და ვერცხლის სამკაულები, კარის საკეტების გასაღები ხელსაწყოები, მობილური ტელეფონები, კომპიუტერული ტექნიკა და ფული.

უწყების ინფორმაციით, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთების იდენტიფიცირების მიზნით შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები