ჯანდაცვა

ათასობით მცირეწლოვანს სისხლში ტყვიის შემცველობას შეუმოწმებენ

reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახური, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. ქვეყნის 14,000 შინამეურნეობაში დედათა და ბავშვთა სოციალური პირობების აღწერა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაა დაგეგმილი.

კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. მის ფარგლებში 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას გაზომავენ. ასევე დაადგენენ სასმელი წყლის ხარისხს. 

კვლევის შედეგად საქართველოში შეგროვდება საერთაშორისო დონეზე შედარებადი მონაცემები სხვადასხვა სფეროში ქალებისა და ბავშვების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს მონაცემებზე დაფუძნებული პოლიტიკის დაგეგმვასა და შემუშავებას. კვლევის შედეგები 2019 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდება.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.   

მაღალი დოზებით, ტყვიით მოწამვლა სასიკვდილოა. ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როდესაც ტყვია გროვდება სხეულში, თვეებისა და წლების განმავლობაში. მცირე რაოდენობით ტყვიაც კი შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს. ბავშვები 6 წლამდე, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან. მათი მენტალური და ფიზიკური განვითარება შესაძლოა შეფერხდეს ტყვიის გამო. WHO-ს მონაცემებით, ტყვიით ინტოქსიკაციის ყოველწლიური მსხევრპლთა რაოდენობა დაახლოებით 800 ათასია. 

ტყვიის შემცველობის რისკ-ფაქტორებია: დაბინძურებლი ჰაერი (მაგალითად ტყვიის შემცველი საწვავის წვისგან), ტყვიით დაბინძურებული საკვები, მაგალითად სუნელები, ასევე ტყვიის შემცველი საღებავებისა და სარემონტო მასალები. ტყვია შესაძლოა ორგანიზმში უხარისხო კოსმეტიკიდან ან სამკაულებიდანაც (საყურე პირსინგი) მოხვდეს.

ბავშვებში რისკ-ფაქტორს წარმოადგენს უხარისხო სათამაშოები, რომლებიც შესაძლოა ტყვიის შემცველი საღებავებით იყოს შეღებილი. ასევე რისკის შემცველია ტყვიით დაბინძურებული სასმელი წყალი.

აშშ-ში მიჩიგანის ქალაქ ფლინტში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტყვიით დაბინძურებულ წყალს, რაც იაფფასიანმა ტყვიის მილებმა გამოიწვია. ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს ზოგიერთი კონსერვის ქილაც, რომელიც ტყვიისგან მზადდება.

კომენტარები