სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: არ ვამბობ, რომ საქართველო დამნაშავეა, ხელისუფლება პროვოკაციას წამოეგო

სალომე ზურაბიშვილი

სალომე ზურაბიშვილის თქმით, მას არასდროს უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო. 

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს მმართველი პარტია, ქართული ოცნება უჭერს, ამბობს, რომ ოკუპანტი რუსეთია და ეს ნათელია, თუმცა, 2008 წელს "იმდროინდელმა პრეზიდენტმა ან დაუშვა დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული". 

"რუსეთი აგრესორი და ოკუპანტი იყო 1801 წელს, როცა დაარღვია მეფე ერეკლეს მიერ დადებული ტრაქტატი; 1921 წელს, როცა დაარღვია 1920 წელს აღიარებული საქართველოს სუვერენობა და რის გამოც ჩემები წამოვიდნენ და დავიბადე საფრანგეთში. ასევე, აგრესორი და ოკუპანტია 2008 წლიდან და წელს, როცა კიდევ ერთხელ დაარღვია ის, რაც მე ძალიან კარგად ვიცი - აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო დოკუმენტი და ხელშეკრულება, სადაც რუსეთი აღიარებდა საქართველოს ტერიტორიულ სუვერენობას და დამოუკიდებლობას.

მეორე თემა - საქართველო-რუსეთის ომი ვინ დაიწყო - ცხადია, რუსეთმა და რატომ?- რუსეთი შემოიჭრა მის მიერ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიაზე ტანკებით და სამხედრო თვითმფრინავებით და არა პირიქით - საქართველო რუსეთის ტერიტორიაზე არასოდეს არ შეჭრილა, არასოდეს არ მოუხდენია აგრესია. ეს არის ისეთი ელემენტარული, როგორც 1+1 არის 2. ამაზე ვინ შეიძლება დავობდეს? ეს არასდროს ყოფილა ჩემი სათქმელი და ამაზე არ ვმსჯელობდი მე. არც მე და არცერთი ქართველი არ დაუშვებს თქვას, რომ რუსეთის და საქართველოს ომი საქართველომ დაიწყო. 

და ვისი ინტერესია, რომ ამ საკითხზე შეიქმნას ცრუ წარმოდგენა ან ქვეყნის შიგნით ან ქვეყნის გარეთ, რაც კიდევ უარესია, რომ თურმე საქართველოში ამ საკითხის მიმართ არის დაყოფილი აზრი. აბა ამაზე თქვენ თვითონ უპასუხეთ. 

მე როცა ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლება წამოეგო პროვოკაციას, არ ვამბობ, რომ საქართველო არის დამნაშავე. არ ვამბობ, რომ საქართველომ დაიწყო ომი, არ ვამბობ, რომ რუსეთი არ არის აგრესორი და ოკუპანტი. სიტყვებს აქვს თავისი მნიშვნელობა. ვამბობ, რომ იმდროინდელმა პრეზიდენტმა ან დიდი შეცდომა, ან ჩაიდინა დიდი დანაშაული" - თქვა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, თავისი საარჩევნო შტაბის გახსნაზე.

სალომე ზურაბიშვილმა აქამდეც რამდენჯერმე სხვადასხვა დროს თქვა, რომ "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლებაც არც ერთ პრეზიდენტს აქვს" და რომ "რუსული სცენარის განხორციელებაში წვლილი სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ შეიტანა". 

6 აგვისტოს ზურაბიშვილი ამბობდა, რომ "საქართველომ დაიწყო ეს ნაწილი ამ საომარი ვითარების. ეს არის ცნობილი და ყველასთვის ოფიციალური ვერსია, რასაც ევროკავშირი ადასტურებდა, ჩვენ ამას არ გადავხედავთ".

კომენტარები