კრიმინალი

კლინიკის დაყაჩაღებასა და მაღაზიის ძარცვაში ბრალდებულს 12-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლო
ფოკუსი / ტაბულა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობასა და ძარცვაში ბრალდებულს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, "დადასტურდა, რომ 2017 წლის 10 ნოემბერს, განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ა.ო. ქალაქ თბილისში, ერთ-ერთ სტომატოლოგიურ კლინიკაში თავს დაესხა თანამშრომლებს და დანით დაშინებით, სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მათ თანხა და ოქროს ნივთები მოსთხოვა. კლინიკის თანამშრომლებმა ა.ო.-ს წინააღმდეგობა გაუწიეს, რის შემდეგაც იგი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა".

უწყების ცნობით, "ასევე დადასტურდა, რომ ა.ო. 2017 წლის 9 ნოემბერს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქალაქ თბილისში, სასურსათო მაღაზიაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა მ.კ-ს კუთვნილ მობილურ ტელეფონს".

სამართალდამცველებმა ა.ო. 2017 წლის 11 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ (ძარცვა) და 179-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა ჩადენილი ორჯერ ან მეტჯერ ნასამართლევი პირის მიერ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

კომენტარები