თავდასხმა ზურაბ ვარდიაშვილზე

ლიბერალის რედაქტორს თავს შაბათს დაესხნენ, თავდამსხმელები არ დაუკითხავთ

ლიბერალი

ლიბერალის ცნობით, გამოცემის რედაქტორს ზურაბ ვარდიაშვილს შაბათს, საღამოს 20:30-ზე, თავს 5-6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ორგანიზებულად დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ლიბერალისვე ცნობით, თავდამსხმელების იდენტიფიცირება პოლიციამ შეძლო, თუმცა, ისინი არც დაუკითხავთ. 

როგორც ვარდიაშვილი ლიბერალთან ყვება, თავდამსხმელები მისი კუთვნილი, გასაყიდი მანქანით დაინტერესდნენ და მის სანახავად მიდიოდნენ. ვარდიაშვილმა მათ შეხვედრა თბილისში, ვარკეთილში მდებარე ავტოსახელოსნოსთან დაუთქვა, სადაც მანქანა ჰქონდა დატოვებული.

„როგორც ჩანს, ეს იყო ადგილსამყოფელის დადგენის მიზეზი. დათქმული დროიდან ნახევარი საათის შემდეგ შეხვედრის ადგილზე მაღალი სისწრაფით მომავალი ორი ჯიპი - ML და X5 გაჩერდა. იქიდან 5-6 ან 7 პირი გადმოვიდა და სიტყვის უთქმელად დამესხნენ თავს. ისინი მირტყამდნენ ძლიერად, თავსა და სახეში, ხმის ამოუღებლად, მხოლოდ ერთ ფრაზას მოვკარი ყური - „მოვიპაროთ ეს ჩემისა“, და ჩემი მანქანისკენ წათრევა სცადეს, თუმცა ამ დროს მეზობელი ავტოსამრეცხაოდან ხალხი გამოიქცა, და გონს რომ მოვედი თავდამსხმელები უკვე გაქცეულები იყვნენ", - ამბობს ვარდიაშვილი. 

შემთხვევას თვითმხილველებიც ჰყავს, რომლებმაც თავად დარეკეს პოლიციაში. ვარიდიაშვილის თქმით, მას პოლიციაში ეკითხებოდნენ, "ლიბერალი" ვინმეს ბიზნესს ხომ არ შეხებია. ვარდიაშვილმა მათ აუხსნა, რომ „ლიბერალი" უამრავ თემაზე წერს და ასე კონკრეტულად მოტივის დადგენა მას თავად უჭირს

ლიბერალი წერს, რომ მოგვიანებით ვარდიაშვილს პოლიციამ აუხსნა, რომ თავდამსხმელები მას სხვა პირის ნაცვლად, შეცდომით გაუსწორდნენ - ის ეგონათ ადამიანი, რომელმაც 14 სექტემბერს "კარფურში" იჩხუბა და რომელმაც თქვა, რომ ზურაბ ვარდიაშვილია.  

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. როგორც უწყებაში გვითხრეს, გამოძიების ფარგლებში ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, მათ შორის გამოკითხვა და ექსპერტიზა.

კომენტარები