ტყვიის შემცველობა ჰაერში

გარემოს სააგენტო: ტყვიის შემცველობა ჰაერში უსაფრთხო ნორმაზე რამდენჯერმე ნაკლებია

მედიაცენტრი "მთავარი"

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი ამბობს, რომ ქვეყნის მასშტაბით, ტყვიის შემცველობა ჰაერში უსაფრთხო ნორმაზე რამდენჯერმე ნაკლებია. მეგრელიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ 2017 წელს, თბილისში ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმაზე დაახლოებით 30-ჯერ მცირე იყო. მან აღნიშნა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერში ტყვიის შემცველობის მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში, საქართველოს ოთხ ქალაქში ატარებს.

"თბილისთან ერთად, ტყვიის შემცველობა მნიშვნელოვნად მცირეა ქუთაისსა და ბათუმში, ასევე მცირეა რუსთავში, ოღონდ ამ სამ ქალაქთან შედარებით ოდნავ მაღალია, რაც ლოგიკურია, რადგან რუსთავთან არის სამრეწველო ზონა, სადაც წარმოდგენილია მეტალურგია, ცემენტის წარმოება და ამ ქარხნებიდან მიზერული რაოდენობით, რა თქმა უნდა, იფრქვევა ტყვია. თუმცა რუსთავშიც, ატმოსფერულ ჰაერში, ტყვიის შემცველობა ნორმაზე რამდენჯერმე მცირეა" - განაცხადა მეგრელიშვილმა და აღნიშნა, რომ საქართველოში ჰაერში ტყვიის შემცველობა ნორმაზე მეტი, მინიმუმ 2008 წლის შემდეგ აღარ ყოფილა.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, 2005 წლიდან აკრძალულია ტყვიაშემცველი ბენზინის მოხმარება და ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ასეთ ბენზინი წლებია, არ გამოიყენება. ნოე მეგრელიშვილი განმარტავს, რომ ჰაერში ტყვიის გავრცელების სხვა სერიოზული წყარო მსოფლიოში არ არსებობს.

"მაშინ უნდა იყოს უზარმაზარი ტყვიის გადამდნობი ქარხანა, რომ რაღაც ფონი შექმნას, უმთავრესი წყარო არის ტყვიაშემცველი ბენზინი, იგი არ მოიხმარება ქვეყანაში და ამას ადასტურებს ჰაერის ხარისხის გაზომვის შედეგები - რას ვსუნთქავთ.

გარემოს ეროვნული სააგეტოს მონიტორინგით, ქვეყნის მასშტაბით ტყვიის შემცველობა ატმოსფერულ ჰაერში უსაფრთხო ნორმაზე რამდენჯერმე მცირეა და იგივე დაადასტურა ორგანიზაცია “ეკოხედვის” მიერ ბოლოს ჩატარებულმა კვლევამ. მართალია, ძალიან მოკლევადიანი კვლევაა, ჰაერის ხარისხი რამდენიმე დღე შემოწმდა და სერიოზული დასკვნების საშუალებას არ იძლევა, თუმცა დადასტურდა იგივე - ტყვიის შემცველობა არის რამდენჯერმე მცირე ევროპულ ნორმებთან შედარებით. “ეკოხედვის” მონაცემებით, ჰაერში ტყვიის შემცველობა ევროპულ უსაფრთხო ნორმაზე 8-50-ჯერ ნაკლები იყო”, – ამბობს მეგრელიშვილი და ტყვიით მოწამვლის წყაროებზე საუბრობს.

"ესენია საღებავები, მათ შორის, სათამაშოები, მილგაყვანილობა ანუ წყლის მიწოდების სისტემა, კვების შეფუთვა -კონსერვის ყუთები, სამშენებლო სექტორი - როგორც დემონტაჟი, ისე შედუღება. კვების პროდუქტებში აღმოჩნდა ტყვია, სუნელებში და დაიჭირეს კიდევაც პიროვნება, რომელიც საღებავებით აბევრებდა სუნელს. ატმოსფერული ჰაერი ვერ იქნება ტყვიით მოწამვლის წყარო, როცა სისხლში ტყვიის ნორმაზე რამდენჯერმე გადამეტება ფიქსირდება, ეს ატმოსფერული ჰაერიდან ნამდვილად ვერ იქნება, იმიტომ, რომ უსაფრთხო ნორმაზე 8-50-ჯერ ნაკლები იყო. რა თქმა უნდა, ამას ატმოსფერულ ჰაერთანაც აქვს კავშირი, მაგრამ ეს არის მიზერული ზემოქმედება. “ეკოხედვის” კვლევამაც აჩვენა, რომ ოდნავ ნაკლები იყო ჩვეულებრივ ქუჩაზე ტყვიის შემცველობა, ვიდრე იმ ქუჩაზე, სადაც მიმდინარებოდა მშენებლობა, თუმცა ნორმაზე მაინც, თითქმის 10-ჯერ ნაკლები, ანუ ტყვიის მთავარი წყარო არ არის მშენებლობა" - თქვა ნოე მეგრელიშვილმა.

მისივე განმარტებით, ქვეყანაში შენობის შიდა ჰაერი შეიძლება იყოს ტყვიით დაბინძურებული.

"ეს ჩვენს კომპეტენციას ცდება, იმიტომ, რომ თუ ისეთი საღებავებით არის შენობა შეღებილი, რომელშიც ტყვიის შემცველობა მაღალია, რა თქმა უნდა, შეიძლება შენობის შიდა ჰაერში იყოს ისეთი კონცენტრაციით ტყვია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა" - აღნიშნა ნოე მეგრელიშვილმა და დასძინა - "ეს ეხება სათამაშოებსაც, რა ხარისხის სათამაშოები შემოდის, არავინ აკონტროლებს, სამწუხაროდ".

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად მოსახლეობის მასშტაბურ კვლევას იწყებს. ქვეყნის 14 000 შინამეურნეობაში დედათა და ბავშვთა სოციალური პირობების აღწერა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებაა დაგეგმილი. კვლევა საქართველოში 2018 წელს 20 სექტემბერიდან 20 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. მის ფარგლებში 2-7 წლის ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობას გაზომავენ. ასევე დაადგენენ სასმელი წყლის ხარისხს. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) შეფასებით, ტყვიის ექსპოზიციის შედეგად განვითარებული დაავადებები შეადგენს დაავადებათა გლობალური ტვირთის 0.6%-ს. დაავადებათა ტვირთი განსაკუთრებით მაღალია განვითარებად ქვეყნებში.   

მაღალი დოზებით, ტყვიით მოწამვლა სასიკვდილოა. ტყვიით მოწამვლა ვითარდება, როდესაც ტყვია გროვდება სხეულში, თვეებისა და წლების განმავლობაში. მცირე რაოდენობით ტყვიაც კი შესაძლოა ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მიზეზი გახდეს. ბავშვები 6 წლამდე, განსაკუთრებული რისკის წინაშე დგანან. მათი მენტალური და ფიზიკური განვითარება შესაძლოა შეფერხდეს ტყვიის გამო. WHO-ს მონაცემებით, ტყვიით ინტოქსიკაციის ყოველწლიური მსხევრპლთა რაოდენობა დაახლოებით 800 ათასია. 

ტყვიის შემცველობის რისკ-ფაქტორებია: დაბინძურებული ჰაერი (მაგალითად ტყვიის შემცველი საწვავის წვისგან), ტყვიით დაბინძურებული საკვები, მაგალითად სუნელები, ასევე ტყვიის შემცველი საღებავებისა და სარემონტო მასალები. ტყვია შესაძლოა ორგანიზმში უხარისხო კოსმეტიკიდან ან სამკაულებიდანაც (საყურე პირსინგი) მოხვდეს.

ბავშვებში რისკ-ფაქტორს წარმოადგენს უხარისხო სათამაშოები, რომლებიც შესაძლოა ტყვიის შემცველი საღებავებით იყოს შეღებილი. ასევე რისკის შემცველია ტყვიით დაბინძურებული სასმელი წყალი.

აშშ-ში მიჩიგანის ქალაქ ფლინტში 13 ადამიანი ემსხვერპლა ტყვიით დაბინძურებულ წყალს, რაც იაფფასიანმა ტყვიის მილებმა გამოიწვია. ასევე რისკ ფაქტორს წარმოადგენს ზოგიერთი კონსერვის ქილაც, რომელიც ტყვიისგან მზადდება.

კომენტარები