World Upside Down

ინტერვიუ კონფერენციის "მსოფლიო თავდაყირა 2018" სტუმრებთან

0 კომენტარი

ინტერვიუები, რომელთაც ქვემოთ გაეცნობით, ტაბულას დირექტორმა თამარ ჩერგოლეიშვილმა კონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე "მსოფლიო თავდაყირა" - World Upside Down ჩაწერა. კითხვებს პასუხობენ: დევიდ კრამერი - ფლორიდის საერთაშორისო ინსტიტუტის პროფესორი; ჯეიმს კირჩიკი - ბრუკინგსის ინსტიტუტის მკვლევარი;ილაი ლეიკი - Bloomberg-ის ჟურნალისტი; დამირ მარუსიჩი - The American Interest-ის აღმასრულებელი რედაქტორი.
 

თითქმის ორი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც თეთრ სახლში ახალი პრეზიდენტია. ამ გადმოსახედიდან როგორ შეაფასებდით შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას - განსაკუთრებით პრეზიდენტის რიტორიკასთან მიმართებით, რაც ხშირად შეშფოთებას იწვევს?
 

დევიდ კრამერი: ვთვლი, რომ ჩვენ ორ, ერთმანეთისგან განხვავებულ ბილიკს მივყვებით. ცალკეა ადმინისტრაციის მოქმედებები და ცალკე პრეზიდენტის რიტორიკა, მისი კომენტარები. რუსეთის მიმართ ადმინისტრაცია საკმაოდ კარგ პოლიტიკას ატარებს - ვხედავთ რომ შეიარაღება მოგეცით უკრაინას და საქართველოს, ამასთან იზრდება სანქციების რიცხვიც, გაზრდილია შეერთებული შტატების სამხედრო შემადგენლობაც მსოფლიოს მასშტაბით. ვხედავთ ევროპისა და შეერთებული შტატების სინქრონულ მოქმედებებს სანქციების მიმართულებით, კარგი ამბავია თხევადი გაზის ექსპორტი. გვესმის კარგი განცხადებები ვიცე პრეზიდენტის, შეერთებული შტატების ელჩების, თავდაცვისა და საგარეო მდივნების მხრიდან, მაგრამ მერე საუბრობს პრეზიდენტი, რომლის რიტორიკაც არ შეესაბამება მიმდინარე პოლიტიკას. მისმა პრესკონფერენციამ ჰელსინკიში, ვფიქრობ შეერთებული შტატები შეარცხვინა. ამიტომ მე ვერ ვათავსებ ამ ორ რაღაცას ერთად, ვფიქრობ ეს ორი, სხვადასხვა ბილიკია.

ჯეიმს კირჩიკი: დიდი უფსკრულია პრეზიდენტის რიტორიკასა და ადმინისტრაციის რეალურ პოლიტიკას შორის. როდესაც ტრამპმა გაიმარჯვა, ჩვენ მართლა გვეშინოდა, რომ იალტა ორის მსგავსის მოწმენი გავხდებოდით რუსეთთან ურთიერთობაში. კამპანიის დროს მას ნათქვამი აქვს, რომ ყირიმის ანექსიას აღიარებს, რომ არ დაიცავს NATO-ს წევრ ქვეყნებს, თუ ისინი სათანადოდ არ გადაიხდიან, მას არაერთხელ შეუქია პუტინი, როგორც ლიდერი. მე სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ, რომ უკვე ორი წელია ახალი ადმინისტრაციაა ვაშინგტონში და არაფერი მსგავსი არ მომხდარა. ამის მიუხედავად, რიტორიკა მაინც თავისას შვება - ჰელსინკიში მან შეერთებული შტატები შეარცხვინა, პუტინის მხარე დაიჭირა, მისი დაზვერვის წინააღმდეგ, მაგრამ, თუ უშუალოდ მიმდინარე საგარეო პოლიტიკას შევხედავთ, დავინახავთ გაზრდილ სამხედრო თანამშრომლობას საქართველოსთან - მათ შორის შეიარაღების შესყიდვაც იგულისხმება, რასაც ობამა არ აკეთებდა, იგივე ითქმის უკრაინასთან მიმართებითაც - არც მას აძლევდა იარაღს ობამა, გაზრდილია NATO-ს მხარდაჭერა, სამხედროების რიცხვი ბალტიის ქვეყნებში, რუსეთზე იმდენი სანქცია დაწესდა, ცივი ომის შემდეგ რომ არ გვქონია, ამას დაამატეთ რუსი დიპლომატების გაყრა და რუსული დიპლომატიური სამსახურების დახურვა შეერთებულ შტატებში - სადამსჯელო, მკაცრი ზომების სია შეიძლება გაგრძელდეს. ძალიან ბევრი, ანტი-პუტინისტი ქორი მუშაობს დღევანდელ ადმინისტრაციაში - ვეს მიტჩელით, სახელმწიფო მდივნის თანაშემწით დაწყებული, ფიონა ჰილით დამთავრებული, რომელიც უშიშროების საბჭოშია. ასეთი უცნაური სიტუაციაა ჩემს ქვეყანაში, სადაც გვყავს პრეზიდენტი, რომელიც კარგად ახასიათებს რუსეთს და სურს მასთან ურთიერთობის დალაგება, არც ის ქვეყნები ადარდებს, რომლებიც ნაცრისფერ ზონაშია ევროკავშირს, NATO-სა და რუსეთს შორის, მაგრამ რეალური პოლიტიკა გაცილებით უკეთესია ამ ქვეყნებთან მიმართებით, ვიდრე ის, რაც პრეზიდენტისგან გვესმის რეგულარულად.

ილაი ლეიკი: საგარეო პოლიტიკა ორი გზით მიდის. ერთია რასაც პრეზიდენტი წერს ტვიტერზე და როგორ იქცევა საერთაშორისო სცენაზე და მეორეა უშუალოდ საგარეო პოლიტიკა. მათ შორის ხშირად შეუთავსებლობაა. (აქ ამოვჭრათ ნიუ იორკ თაიმსზე რასაც ამბობს - არარელევანტურია). ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოდ რუსეთთან მიმართებით ჩანს. ვხედავთ რომ პრეზიდენტი პუტინს ქათინაურებს არ აკლებს, ამავდროულად იმასაც ვხედავთ, რომ უკრაინას და საქართველოს ჯაველინები მივყიდეთ, რუს დიპლომატებს ამერიკიდან ვაძევებთ, დიპლომატიურ წარმომადგენლობებს ვუხურავთ - საფრანცისკოში დავხურეთ. ჩემნაირი ადამიანისთვის, რომელიც ეროვნული უსაფრთხოების თემაზე მუშაობს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ამით დაიხურა რუსეთის დაზვერვის ბანაკი დასავლეთ სანაპიროზე, სილიკონის ველის ინდუსტრიისთვის და ა. შ. აშშ-მ მხარი დაუჭირა მონტენეგროს გაწევრიანებას ნატოში და მერე ყველამ მოისმინა, როგორ გამოაცხადა პრეზიდენტმა რომ მონტენეგრომ შეიძლება მესამე მსოფლიო ომში ჩაგვითრიოს. ასე რომ, ამერიკის საგარეო პოლიტიკა ნამდვილად ორი გზაზე დგას და პრეზიდენტს ეს ძალიან არ სიამოვნებს. არ სიამოვნებს რომ ხორციელდება პოლიტიკა, რაც მის მიდგომას ეწინააღმდეგება.

დამირ მარუსიჩი: ძალიან საინტერესოა ამაზე დაკვირვება, იმიტომ რომ ერთგვარი წინააღმდეგობა ჩანს პრეზიდენტის სიტყვებსა და ამერიკის მოქმედებებს შორის. საქართველო ამ შეუთავსებლობის კარგი მაგალითია - ჯაველინების მოყიდვას ვგულისხმობ. ეს კარგად მეტყველებს იმაზე, რამდენად უფრო ფართოა იმ აქტორთა წრე, ვინც ამერიკის საგარეო პოლიტიკას ქმნის.

ამ არეულ დროში, როცა დასავლეთი მოცულია ბრექსიტით, შიდა პოლიტიკური დაპირისპირებებით, რატომ უნდა დაინტერესდეს რიგითი გადასახადის გადამხდელი დასავლეთში ქართული დემოკრატიის მხარდაჭერით?
 

დევიდ კრამერი: დემოკრატიული ქვეყნები ის ქვეყნებია, რომლებთანაც ჩვენ პრობლემა არ გვაქვს. ჩვენ მათთან შეიძლება უთანხმოება გვქნოდეს. სერიოზული უთანხმოება გვქნდა საფრანგეთთან და გერმანიასთან ერაყის ომის გამო, მაგრამ ჩვენ მათთან არ გვიომია. არიან დემოკრატიული ქვეყნები, რომლებთანაც სავაჭრო უთანხმოებები გვაქვს - ევროპასა და შეერთებული შტატებს შორის მიმდინარე პროცესები მაქვს მხედველობაში. მაგრამ ფაქტია, რომ დემოკრატიებთან სამხედრო კონფლიქტები არ გვაქვს. ნათლად ვხედავთ, რომ სადაც დემოკრატია მკვიდრდება ის ქვეყნები, პატარა ქვეყნებიც, უფრო სტაბილურები არიან. შეიძლება მათ ემუქრებოდეს საფრთხე დიდი, ავტორიტარული ქვეყნების მხრიდან - საქართველოს და რუსეთის მაგალითზე, ვიცით რომ რუსეთს არ უნდა საქართველოს წარმატება. დემოკრატიის გაძლიერება არა მხოლოდ ამერიკული ღირებულებების, არამედ მისი ინტერესების ნაწილიცაა. ჩვენ დემოკრატიულ ძალებს მხარი უნდა დავუჭიროთ. ამაში არ იგულისხმება დემოკრატიის, ან ამერიკული მოდელის ექსპორტი. ეს ყველაფერი ადგილზე უნდა გაჩნდეს. მაგრამ ჩვენ ადგილობრივ ძალებს უნდა დავუჭიროთ მხარი.

ჯეიმს კირჩიკი: მე მათ გავახსენებდი როგორ დაიწყო მეორე მსოფლიო ომი - კონკრეტულად, ნევილ ჩემბერლენის ციტატით კინკლაობაზე სადღაც შორს, იმ ხალხებს შორის რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. ასე აღწერა მან ჩეხოსლოვაკია. ასე დაიწყო ბოლო ორი ყველაზე დიდი მსოფლიო ომი - ევროპაში, საზღვრებზე უთანხმოებით. ასე იწყება და მერე გადაიზრდება ხოლმე ისეთ დაპირისპირებაში, სადაც შეერთებული შტატები ერთვება. ვფიქრობ, მსოფლიო უფრო უსაფრთხოა დემოკრატიის პირობებში.

შესაბამისად, მეტი დემოკრატია კარგია შეერთებული შტატებისთვის როგორც ღირებულებითი კუთხით, ისე ეკონომიკური კუთხით. ჯანსაღი სავაჭრო ურთიერთობები შესაძლებელია მაშინ, როდესაც დემოკრატიებს შორის ხდება. ვფიქრობ, ჩვენ სახიფათო დროში ვცხოვრობთ, როდესაც ავტორიტარული ლიდერები ჩინეთში, რუსეთში, ირანსა და ვენესუელაში, ძლიერდებიან. ამ დროს დასავლეთში შიდა დაპირისპირებებია, იქნება ეს ბრეგზიტი და ევროკავშირი, პოლიტიკური პოლარიზაცია შეერთებულ შტატებში, შვედეთსა და გერმანიაში გაძლიერებული ულტრა-მემარჯვენე პარტიები. ჩვენ მოცულები ვართ საკუთარი პრობლემებით და არის საფრთხე, რომ ავტორიტარულმა ქვეყნებმა ამ მომენტით ბოროტად ისარგებლონ.

ილაი ლეიკი: რამდენიმე მიზეზის გამო. მე ვფიქრობ ამერიკის იდენტობის ნაწილია მხარი დაუჭიროს ყველა ხალხს რომელიც თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის იბრძვის, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი. ჩვენი რევოლუციური ვალდებულებაა, ჩვენი სადამფუძნებლო დოკუმენტის ნაწილია - დამოუკიდებლობის დეკლარაციის, რომ არსებობს საყოველთაო უფლებები და ეს უფლებები აქვს ყველას.

რაც შეეხება საქართველოს, ამას დამატებითი მნიშვნელობა აქვს - ჩვენ ვიცით, რომ რუსეთს საბჭოთა კავშირის აღდგენა უნდა. ისინი ვერ ეგუებიან იმ სტატუს კვოს, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამყარდა - ბერლინის კედლის ნგრევით. საქართველო ერთგვარი ტესტია - არა მხოლოდ მე, არამედ ვფიქრობ, ბევრ ამერიკელს სჯერა, რომ თუ საქართველო წაიქცა რუსეთთან, ეს დომინოს პირველი ქვა იქნება. ასე რომ ჩვენ განსაკუთრებული ვალდებულებები გვაქვს ამ ქვეყანასთან. და ბოლოს, მე მჯერა, რომ საქართველო უპირველესად ევროპული ქვეყანაა და უნდა მოვეპყრათ ისე, როგორც ევროპელ მოკავშირეს.

დამირ მარუსიჩი: იდეა, რასაც ამერიკა ეფუძნება გულისხმობს იმ ღირებულებათა სისტემის გაფართოებას რაზეც შეერთებული შტატები დგას. ამ სისტემაში მონაწილეობა ყველას უნდა შეეძლოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები