განათლება

განათლების ექსპერტები: ვეჭვობთ, რომ კანონპროექტი ზოგი უნივერსიტეტის ინტერესებს ემსახურება

iStockPhoto

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები განათლების ხარისხის განვითარების შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელიც უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაციის ვადის ერთი წლით გაგრძელებას გულისხმობს, დაუშვებლად მიიჩნევენ.

საქმე ეხება დეპუტატების: მარიამ ჯაშის, გია ჟორჟოლიანის, სიმონ ნოზაძისა და გენადი მარგველაშვილის კანონპროექტს, რომლის მიხედვით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც ავტორიზაციის ვადა 2018-2019 წლებში გასდის ან გაუვიდა, ეს ვადა 2020 წლის პირველ იანვრამდე გაუგრძელდება.

უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები საუბრობენ იმ მიზეზებზე, რომელტა გამოც აღნიშნული ცვლილებების მიღება დაუშვებლად მიაჩნიათ:

  • კანონში ცვლილების საჭიროების დასაბუთება არის აზრს მოკლებული. თუ საუბარი თანაბარი პირობების შექმნას ეხება, მაშინ შემოთავაზებული ცვლილებით ეს პრინციპი ფუნდამენტურად ირღვევა. საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით ავტორიზაციის პროცესი მიმდინარეობს ამა წლის აპრილიდან, რაც წარმატებით გაიარა 12-მა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ (უსდ). ავტორიზაციის ვიზიტი დასრულებულია 10 უსდ–ში, ხოლო 2018 წლის ბოლომდე კიდევ 6 უსდ ელის ექსპერტთა ვიზიტს. მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილება არათანაბარ პირობებში აყენებს იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებმაც მოსამზადებელ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები განახორციელეს და ძირითადი რესურსები მიმართეს მათი საქმიანობის გაუმჯობესებისათვის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით. ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ავტორიზაციის ვადა გახანგრძლივდა ერთი წლით სწორედ იმ მიზნით, რომ უსდ–ებს საკმარისი დრო ჰქონოდათ ახალი სტანდარტების დასანერგად. შესაბამისად 2017 წელი მთლიანად დაეთმო ახალი სისტემის პილოტირებას, რომელსაც უძღვებოდნენ ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული საერთაშორისო ექსპერტები. უნივერსიტეტების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით იყვნენ ჩართული პილოტირების ყველა ეტაპზე და ყველა დაინტერესებული მხარე მონაწილეობდა შესაბამის განხილვებში. შეფასდა 4 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და 21 პროგრამა 11 სხვადასხვა დაწესებულებაში. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 12 უმაღლესმა წელს წარმატებით გაიარა ახალი სტანდარტებით ავტორიზაციის პროცესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია, რატომ დადგა დღის წესრიგში სწორედ ახლა ამ საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება, რაც ამ ეტაპზე არის არათანმიმდევრული, აზიანებს სისტემის განვითარებას და ეჭვს ბადებს, რომ ემსახურება იმ ცალკეული უსდ- ების ინტერესებს, რომლებმაც ვერ შეძლეს სტანდარტების მინიმალურ დონეზე დაკმაყოფილება.
  • დაგეგმილი ცვლილებები ხელს შეუშლის უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესს, რომლის მექანიზმი გახლავთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება საერთაშორისო ორგანიზაციაში (ENQA - ევროპის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია). ხანგრძლივი მზადების შემდეგ, მიმდინარე წელს რეფორმის შედეგად შესაძლებელი გახდა გაწევრიანების პროცესის დაწყება. ENQA-ში გაწევრიანების მიზნით წარდგენილია ოფიციალური განაცხადი და ყველა დოკუმენტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ENQA–ს მიერ შექმნილი და დამტკიცებულია ექსპერტთა ჯგუფი, რომლის საქართველოში ვიზიტი დაგეგმილია 29 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე.დაგეგმილი ცვლილებები რისკის ქვეშ აყენებს ამ პროცესის წარმატებულ გავლას. ENQA- ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში საქართველოს სრულფასოვანი წევრობისათვის. სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა განათლება და მისი ევროპული ინტეგრაციის საკითხები, თუმცა ამ კანონპროექტით სრულიად საწინააღმდეგოს აკეთებს. მსგავსი ცვლილებების დაუსაბუთებლობა ევროპელი პარტნიორების მიერ აღქმული იქნება როგორც სახელმწიფოს მხრიდან პროცესებზე ზეწოლა, რაც პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის უმაღლესი განათლების ევროპულ სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან (European Standards and Guidelines 2015). ეს ყოველივე არა მარტო დიდი ხნით შეაჩერებს ENQA-ში გაწევრიანებას, არამედ სერიოზულად შელახავს ქვეყნის იმიჯს. აღსანიშნავია, რომ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის რეფორმა ბოლონიის პროცესისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესაბამისად განხორციელდა. შესაბამისად, ზემოაღნიშნული პროცესებისთვის ხელის შეშლა ასევე შეაფერხებს ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულებას.

"დაუშვებლად მიგვაჩნია წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიღება და მივმართავთ პარლამენტის თავმჯდომარეს, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს, პარლამენტის წევრებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ფართო საზოგადოებას არ დაუშვან ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება. ასევე, აღვნიშნავთ, რომ მსგავსი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირებას აუცილებელია წინ უძღოდეს განხილვები ყველა შესაბამისი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით", - ამბობენ უმაღლესი განათლების რეფორმის ექსპერტები.

წერილს ხელს აწერენ: ლალი ბაქრაძე, თამარ ბრეგვაძე, ირმა გრძელიძე, ირინე დარჩია, აბდულ კახიძე, მარინა ქარჩავა, ქეთი ცოტნიაშვილი და ლიკა ღლონტი.

გარდა ამისა, ისინი ავრცელებენ იმ უნივერსიტეტების სიასაც, რომლებმაც უკვე მიიღეს აკრედიტაცია, სადაც უკვე იყვნენ ექსპერტები და სადაც წლის ბოლომდე უნდა მივიდნენ ექსპერტები.

უსდ-ების სია, რომლებმაც უკვე მიიღეს ავტორიზაცია:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • შავის ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
  • თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი
  • თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
  • დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტი
  • სასწავლო უნივერსიტეტის ბათუმის სხელმწიფო საზღვაო აკადემია
  • საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი
  • პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია

უსდ-ების სია, სადაც უკვე განხორციელდა ექსპერტთა ვიზიტი:

  • საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი
  • თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი
  • იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ქუთაისის უნივერსიტეტი
  • ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
  • თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
  • საქართველოს საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი (უნიჯეო)
  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი
  • ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტი

უსდ-ების სია, სადაც წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს ექსპერტთა ვიზიტი:

  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • უმაღლესი სასწავლებელი ჯორჯია
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
  • თბილისი ღია სასწავლო უნივერსიტეტი
  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი

ცნობისთვის, პარლამენტი დაგეგმილი ცვლილებების განხილვას დაჩქარებული წესით გეგმავს. ის ბიუროზე გუშინ, 17 სექტემბერს გაიტანეს, დღეს კი განათლების კომიტეტში განიხილავენ.

განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც 2018-2019 წლებში გასდით ავტორიზაციის 6 წლიანი ვადა, ავტორიზაციის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად გონივრული ვადა არ მიეცათ.

"შესაბამისად დღის წესრიგში დადგა მათვის ავტორიზაციისათვის გონივრული ვადის მიცემის საკითხი, აღნიშნული კანონპროექტის მიღბის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისათვის მიმართვის შემთხვევაში ავტორიზებულად ჩაითვლებიან 2020 წლის პირველ იანვრამდე", - მითითებულია განმარტებით ბარათში.

კომენტარები