ხორავას ქუჩის საქმე

NGO-ები: საგამოძიებო კომისიის დასკვნა საფუძვლიანი და არგუმენტირებულია

პარლამენტი

11 არასამთავრობო ორგანიზაცია საფუძვლიანად და არგუმენტირებულად მიიჩნევს ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას. ისინი საქართველოს პარლამენტს და შესაბამის ორგანოებს მოუწოდებენ, საკუთარი როლისა და ფუნქციის გათვალისწინებით, გაიზიარონ კომისიის დასკვნაში მოცემული რეკომენდაციები. ეს, მათი შეფასებით, ხელს შეუწყობს როგორც საქმის გამოძიების სათანადოდ წარმართვას, ასევე, მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში.

NGO-ები ითხოვენ, შესაბამისმა ორგანოებმა:

  • გაატარონ საკანონმდებლო ცვლილებები საგამოძიებო და სამართალდამცავ სისტემაში, გამოძიების ხარისხის და ობიექტურობის გაზრდის მიზნით. ასევე, გადადგან ნაბიჯები სასკოლო გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფის და კონფლიქტების პრევენციის მიზნით, რაც რეკომენდებულია დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში.
  • დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება საქმის გამოძიებასთან ნებისმიერი ფორმით კავშირში მყოფი პირების  ქმედებებში დანაშაულის ნიშნების შესასწავლად და დადგინდეს გამოძიების ტენდენციურობის მიზეზები და პასუხისმგებელი პირები. (აღნიშნულის აუცილებლობაზე საუბრობს აგრეთვე სახალხო დამცველი).

"სხვა შემთხვევაში, პასუხისმგებელ უწყებათა უმოქმედობა და აღნიშნული კომისიის მიგნებების და რეკომენდაციების მხოლოდ პოლიტიკური დისკუსიის საგნად ქცევა გვაფიქრებინებს, რომ  პარლამენტის 95 წევრის მხარდაჭერილი კომისიის შექმნის გადაწყვეტილება ემსახურებოდა მოკლულის მამის, ზაზა სარალიძის პროტესტით საზოგადოებაში გაჩენილი მუხტის ჩაქრობას და არ იყო ორიენტირებული რეალურ შედეგზე" - ნათქვამია განცხადებაში.

არასამთავრობოები მიიჩნევენ, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის საქმეზე  საგამოძიებო კომისიის შექმნა და მისი უმრავლესობის ოპოზიციის წარმომადგენლებით დაკომპლექტება უპრეცედენტო შემთხვევა იყო. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი მოწვევის პარლამენტში უმცირესობის ინიციატივით არც ერთი კომისია არ შექმნილა.

"შესაბამისად, ხელისუფლების ნებისმიერი ქმედება კომისიის რეკომენდაციების შესრულების ჭრილში, მიმართული უნდა იყოს იქითკენ, რომ ზიანი არ მიადგეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის იდეას და მის საქმიანობას - როგორც მნიშვნელოვან  საპარლამენტო კონტროლის მექანიზმს. ჩვენ ასევე გვესმის, რომ პოლიტიკურ ორგანოში შექმნილი და პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული კომისია და მისი საქმიანობა, ისევე როგორც მის მიერ შექმნილი დასკვნა, ვერ იქნება სრულად დაცლილი პოლიტიკური განწყობებისგან. თუმცა, ამავდროულად მიგვაჩნია, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა მთლიანობაში პასუხობს კომისიის დასახულ მიზანს და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს.

კომისიის საქმიანობის პროცესმა კიდევ ერთხელ ნათლად დაგვანახა, სამართალდამცავ სისტემაში არსებული ფუნდამენტური პრობლემები, დანაშაულის ობიექტური და ხარისხიანი გამოძიების მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, რომელიც დაუყოვნებლივი და ძირეული რეფორმების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს. ამდენად, მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს გადადგან ეფექტიანი ნაბიჯები შსს-სა და პროკურატურის სისტემის საფუძვლიანი რეფორმისთვის. ასევე, აუცილებელია შესაბამისი სამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომები იყოს გამოყენებული იმ პირების მიმართ, რომლებიც რაიმე ფორმით, განზრახ თუ გაუფრთხილებლობით,  ხელს უშლიდნენ ან აფერხებდნენ უმძიმეს დანაშაულზე მართლმსაჯულების აღსრულებას და ვის ქმედებებშიც შესაძლოა გადაცდომები ან დანაშაულის ნიშნები იკვეთებოდეს" - აცხადებენ არასამთავრობოები და აღნიშნავენ, რომ კომისიის დასკვნა საერთო ჯამში 32 რეკომენდაციას შეიცავს, მათ შორისაა, შესაბამისი რეაგირების ზომების შესახებ რეკომენდაცია სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელ  მოხელეთა/თანამდებობის პირთა მიმართ (11 პირი).

"საგამოძიებო კომისიის დასკვნამ კიდევ ერთხელ აჩვენა ამ საქმის გამოძიების არაერთი ხარვეზი, რომელთა სიმრავლე და სიმძიმე ეჭვქვეშ აყენებს საგამოძიებო ორგანოების ობიექტურობას. ეჭვებს აძლიერებს ორი ფაქტორი: ერთი მხრივ, თვალშისაცემია საგამოძიებო მოქმედებათა ჩაუტარებლობა ან დაგვიანებით/არასრულად ჩატარება იმ მიმართულებებით, რაც გამოძიების მხრიდან  ჩხუბის ერთ-ერთი ფიგურანტის მ.კ.-ს როლის გამოკვეთას ეხებოდა.

მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია მ.კ.-ს ბიძის, პროკურატურის მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის ფაქტორი, რაც საქმეში არსებულ არაერთეულ და ზედაპირულ, არამედ ძირეულ ხარვეზებთან ერთად, ქმნის გამოძიების ტენდენციურობის განცდას. სწორედ ეს გარემოებები იყო საზოგადოების დიდი ნაწილისთვის საგამოძიებო უწყებების მიმართ სერიოზული უნდობლობის მიზეზი, რასაც შედეგად ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა" - ნათქვამია NGO-ების განცხადებაში.

არასამთავრობოები აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო კომისიამ გამოავლინა მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევა გამოძიების პროცესში.

"კერძოდ, საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ პროკურატურას გამოძიების მასალებით უნდა სცოდნოდა, რომ მ.კ. ჩხუბის დროს შესაძლოა ჰქონოდა იარაღის მსგავსი საგანი, მოწმეებისგან შეეძლო მიეღო ინფორმაცია, რომ მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ხელი ჯიბეში ჩაიყო. შეეძლო დაედგინა მ.კ.-ს ტანსაცმელზე სარალიძის სისხლის კვალის არსებობის საკითხი. შეეძლო გამოეკვეთა დანაშაულის მოტივი. თუმცა, სამართალდამცავებმა სათანადოდ არ შეისწავლეს გამოძიების ფარგლებში ამოღებული ვიდეო მასალა. მოწმეებს არ დაუსვეს შესაბამისი კითხვები. რიგ შემთხვევაში, როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, პროკურორმა მოწმეს მიუთითა, რომ მისი ინფორმაცია -  მ.კ.-მ ჩხუბის დაწყებისას ჯიბეში ხელი ჩაიყო - არ იყო მნიშვნელოვანი და დაიყოლია არ მიეწოდებინა ეს ინფორმაცია სასამართლოსთვის. სამართალდამცავებს არ ამოუღიათ მ.კ.-ს სავარაუდოდ სისხლიანი ტანსაცმელი და არ ჩაუტარებიათ ფარული საგამოძიებო მოქმედებები ჩხუბის მთავარი ფიგურანტების, მათ შორის, მ.კ-ს მიმართ. არ დაუკითხავთ გამოძიებისთვის ცნობილი ყველა მოწმე, რომლებიც ფლობდნენ ინფორმაციას მ.კ.-ს შესახებ და სხვა. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ საქმეზე ჩატარებული გამოძიების ხელწერა და გამოძიების პროცესის ხარვეზების ტენდენციურობა კონკრეტული მიმართულებით, პრაქტიკულად გამორიცხავს, რომ  ეს ინდივიდუალური გამომძიებლების დონეზე დაშვებულ, პროცეუდურულად უმნიშვნელო შეცდომებს წარმოადგენდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად პრობლემურია ქვეყანაში გამოძიების ხარისხი, ამ საქემში ზემოთხსენებული ფაქტორების ერთობლივი არსებობა, ამ შემთხვევის სპეციფიკურობაზე მიუთითებს.

ფაქტია, სახელმწიფომ ვერ დაიცვა დავით სარალიძის სიცოცხლის უფლება და ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ობიექტურად და მიუკერძოებლად გამოეძიებინა სიცოცხლის ხელყოფის საქმე. გამოძიება წარმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ხელი შეეშალა საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. ამიტომ, ხელმომწერი ორგანიზაციები საფუძვლიანად და არგუმენტირებულად მივიჩნევთ დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას" - ნათქვამია განცხადებაში, რომლის ხელმომწერებიც არიან საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI), საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS), სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD), საზოგადოება და ბანკები, მედიის განვითარების ფონდი, კონსტიტუციის 42-ე მუხლი, კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი.

____________________________________

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები.  

5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნის დოკუმენტს. კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენდა, ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. 

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები: 

  • მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილი აშკარა მიკერძოება გამოძიებისას.
  • მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია.
  • მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა
  • შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის არასათანადო დათვალიერება, შესაბამისი მტკიცებულებების განადგურება, ან არმოპოვება 
  • გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევები
  • დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მტკიცებულებათა მოპოვებისას 
  • თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები  
  • საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დარღვევები 
  • გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე
  • დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა 
  • დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის დაუმუშავებლობა 

კომისიის ძირითადი რეკომენდაციები:

  • მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 
  • მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა
  • მოწმეების მიმართ ცრუ ჩვენების და ცრუ ახსნაგანმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • გამოძიების დაწყება წეროვანიდან გ.ჯ.-ს წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე
  • გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო
  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება
  • ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები

კომენტარები