თამბაქო

თეატრში მოწევა დასაშვები ხდება, თუმცა მხოლოდ სამედიცინო გაფრთხილებით

Downton Abbey / ITV Studios

თეატრში სპექტაკლის დაწყების წინ შესაძლოა სამედიცინო გაფრთხილებების მოსმენა მოგიწიოთ, ამ ცვლილებას თამბაქოს შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, თეატრებში სპექტაკლის მსვლელობის დროს, მსახიობების მიერ თამბაქოს მოხმარება დასაშვები გახდება. 

თამბაქოს კონტროლის კანონი პარლამენტში გუგული მაღრაძემ წარადგინა, ახლა დეპუტატი კანონში ცვლილებების მიღებას ეწინააღმდეგება, თუმცა საპარლამენტო ურმავლესობა მას მხარს უჭერს. საკომიტეტო მოსმენაზე ცვლილებებს განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ცვლილებით უკმაყოფილო გუგული მაღრაძემ დღეს თქვა, რომ მხატვრული მიზნების მიღწევისთვის არ არის აუცილებელი სიგარეტის ანთება და სავსებით დამაჯერებელი იქნება თუ მსახიობები სცენარზე ჩამქრალი სიგარეტებით ითამაშებენ:

"თეატრის დროს [მსახიობის მიერ სიგარეტის მოწევას] ვერ დავეთანხმები, რადგან მხატვრული ჩანაფიქრისთვის ჩემი აზრით, ჩვენება იმისა, რომ უჭირავს სიგარეტი, უკვე საკმარისია და ბოლის გაშვება აუცილებელი არ არის... რაც უნდა ის დაიჭიროს, მაგრამ არ უნდა მიაყენოს სხვას ზიანი,"- ამბობს მაღრაძე.

ეს თამბაქოს კონტროლის კანონში შესატანი ერთადერთი ცვლილება არაა, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, არსებული რეგულაციის ზოგიერთი ასპექტი იცვლება. მაგალითად, მცირდება სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიგარეტის მოხმარება 500 ლარის ნაცვლად 200 ლარით დაისჯება. ამასთანავე, სამედიცინო დაწესებულებებისა და უნივერსიტეტების ეზოებში თამბაქოს მოხმარება დასაშვები ხდება.

"უმაღლესი საგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, სამედიცინო და ფარმაცევტული დაწესებულებების ტერიტორიებზე თამბაქოს მოწევა დასაშვებია აღნიშნული დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ სპეციალურად განსაზღვრულ ადგილას (ადგილებში). ასეთი ადგილების რაოდენობა დაწესებულების ტერიტორიაზე არ უნდა აღემატებოდეს სამს, ხოლო თითოეული ადგილის ფართობი არ უნდა იყოს 20 კვადრატულ მეტრზე მეტი,"- წერია პროექტში.

ამ ცვლილებების მიუხედავად, თამბაქოს კონტროლის კანონში კვლავ რჩება ბუნდოვანებები და ხარვეზები, რომელთა გამოსწორებისკენაც პარლამენტს სახელმწიფო ბიზნესომბუდსმენი მოუწოდებს. მათ შორის ერთერთი უმთავრესი საკითხი ევროდირექტივასთან მიმართებით კანონის აცდენაა. ეს აცდენა თვალსაჩინოა ელექტროსიგარეტებთან მიმართებით. ევროკავშირის კანონმდებლობა ელექტროსიგარეტებს თამბაქოს ნაწარმისგან ცალკე გამოყოფს და არეგულირებს. ამის მიზეზია ის, რომ ელექტროსიგარეტი არ წარმოადგენს თამბაქოს პროდუქტს. ის არ გამოყოფს კუპრს, მხუთავ აირსა და სხვა ნივთიერებებს, რომლებიც ჩვეულებრივი სიგარეტის წვის შედეგად გამოიყოფა. სწორედ ამ განსხვავებული თვისებების გამო ევროკავშირი ამ პროდუქტს მისთვის შემუშავებულ სპეციფიკურ მოთხოვნებს უწესებს. ქართული კანონმდებლობა კი ელექტროსიგარეტს თამბაქოს პროდუქტთად განიხილავს.

ევროკავშირის საერთო ბაზარზე, არ შეიძლება მოხვდეს ელექტროსიგარეტი, რომელიც შეიცავს 20 მილიგრამზე მეტ ნიკოტინს. ევროდირექტივის განმარტების მიხედვით, 20 მილიგრამი არის ნიკოტინის ის მოცულობა, რაც ჩვეულებრივი სიგარეტის მოწევით გამოყოფილი ნიკოტინის დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს წარმოადგენს. ამასთანავე ნათქვამია, რომ მხოლოდ მაღალი სიწმინდის უნდა იყოს ნივთიერებები, რომლებითაც ელექტროსიგარეტის სითხე უნდა დამზადდეს. ქართულ კანონმდებლობაში ასეთი ჩანაწერი არ არსებობს.

ბიზნესომბუდსმენის კიდევ ერთი რეკომენდაცია ეხება მაღაზიებში თამბაქოს ნაწარმის განთავსების შესახებ არსებულ ბუნდოვან ჩანაწერს. დღეს მოქმედი კანონით აკრძალულია თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია ან/და განლაგება - სავაჭრო ობიექტის იმ სექციაში, სადაც ბავშვის ტანსაცმელი, კვების პროდუქტი ან/და სათამაშო იყიდება. არსებულმა აღსრულებამ აჩვენა, რომ შემოსავლების სამსახური კანონში მითითებულ კვების პროდუქტად მიიჩნევს არა მხოლოდ ბავშვის კვების პროდუქტს, არამედ ყველა სახის პროდუქტს რომელიც განკუთვლინილია საკვებად, მათ შორის, მოზრდილებისთვისაც.

ამ პრობლემასთან მიმართებით, პარლამენტის მიერ შემუშავებულ კანონპროექტში წერია, რომ თამბაქოს ნაწარმი განცალკევებული უნდა იყოს მაღაზიაში სურსათის და სხვა სახის პროდუქტებისგან.

ბიზნესომბუდსმენი კიდევ ერთ პრობლემად მიიჩნევს კანონის ჩანაწერს მაღაზიებში თამბაქოს ნაწარმის ხილვადობის შეზღუდვასთან დაკავშირებით. 

თამბაქოს კონტროლის კანონი პარლამენტმა 2017 წელს მიიღო. კანონპროექტის ინიციატორი ქართული ოცნების დეპუტატი გუგული მაღრაძე, ხოლო ავტორი კი არასამთავრობო ორგანიზაცია "თამბაქოს კონტროლის ალიანსი" იყო. ეს კანონი თავისი მოქმედების არეალიდან გამომდინარე ბოლო წლებში მიღებული ერთერთი ყველაზე დიდი რეგულაციაა, რადგანაც ის ეხება ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მწეველ მოქალაქეს, ათიათასობით ბიზნესსა და დაწესებულებას.

კანონის მნიშვნელოვანი ნაწილი 2018 წელს ამოქმედდა, უკვე ძალაში შესული ნორმებიდან ყველაზე მეტ ადამიანს დაწესებულებებსა და საჯარო სივრცეებში თამბაქოს მოხმარების აკრძალვა ეხება. ეს ცვლილება 2018 წლის 1 მაისს შევიდა ძალაში. თუმცა, პარლამენტის მიერ თავდაპირველად მიღებულ კანონში უკვე მრავალი რამ შეიცვალა. მათგან ყველაზე დიდი ცვლილება თამბაქოს ნაწარმის ე.წ. "სადა შეფუთვის" ამოქმედების გადავადება იყო. 

პირველადი პროექტის მიხედვით, 2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის ე.წ. "სტანდარტული შეფუთვით" რეალიზაცია უნდა დაწყებულიყო. ამ ნორმის ამოქმედების შემთხვევაში, ქვეყანაში ყველა მარკის სიგარეტი ერთნაირი შეფუთვით გაიყიდებოდა. აიკრძალებოდა ნებისმიერი სახით შეფუთვაზე ბრენდის მითითება. ეს მოსახლეობისთვის და ბიზნესისთვის შეუსაბამოდ მძიმე ტვირთის დაწესება იქნებოდა მაშინ, როდესაც ამის გაკეთებას საქართველოს არავინ არ ავალდებულებდა. ამიტომ 2017 წელსვე შევიდა კანონში ცვლილება და სტანდარტული შეფუთვის ამოქმედება 2022 წლამდე გადაიწია. 

კომენტარები