ევოლუცია

თავდასხმაზე მცენარეების რეაქცია სტრესზე ნერვული სისტემის რეაქციას ჰგავს

ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, როდესაც მცენარე ზიანდება, მისი ორგანიზმის რეაქცია ჰგავს ადამიანის და სხვა ცხოველების ნერვული სისტემის რეაქციას სტრესზე.

ტკივილის აღქმისას ჩვენი ორგანიზმი გამოყოფს ამინომჟავა გლუტამატს. ეს მოლეკულა ააქტიურებს ტვინის იმ ნაწილს, რომელიც ჰორმონ ადრენალინს გამოიმუშავებს. ადრენალინი იწვევს გულისცემის აჩქარებას, ორგანიზმის მიერ შენახული ენერგიის გამოთავისუფლებას, იმ სისხლძარღვების გაფართოებას, რომლებიც კუნთებს ამარაგებენ და სხვა ფიზიოლოგიურ რეაქციებს, რომლებიც საბოლოოდ ცხოველის ორგანიზმში“იბრძოლე ან გაიქეცი” რეაქციას განაპირობებენ.

მცენარეები და ცხოველები მრავალუჯრედიანი ორგანიზმები არიან და მილიარდობით წლის წინ საერთო წინაპრისგან ჩამოყალიბდნენ. თუმცა, მცენარეებს არ აქვთ ნეირონები, კუნთები, გრძნობათა ორგანოები და მეტწილად უძრავები არიან. ამის მიუხედავად, ისინი იყენებენ იგივე მოლეკულებს, რომელთა მეშვეობითაც ცხოველების ნერვული სისტემაში ელექტრული იმპულსები ვრცელდება. 

ვიდეოში მცენარეს მუხლუხო კბენს. ნაკბენის ირგვლივ გამოიყოფა გლუტამატი. ის ააქტიურებს კალციუმის ტალღას, რომელიც მცენარის სხეულის დანარჩენ ნაწილებს ერთი მილიმეტრი წამში სიჩქარით გადაეცემა. ამ რეაქციაზე დასაკვირვებლად მეცნიერებმა მცენარის გენომი ისე შეცვალეს, რომ ის გამოიმუშავებდა მანათობელ ცილას, რომელიც კალციუმის დამუხტულ მოლეკულებს უკავშირდებოდა. ამან მკვლევრებს მისცა საშუალება თვალი მიედევნებინათ კალციუმის ტალღისთვის, რომელიც ფოთლის დაზიანების შემდეგ მთელ ორგანიზმში გავრცელდა.

დადებითად დამუხტული კალციუმი ცხოველის ორგანიზმში გულის და სხვა კუნთების შეკუმშვას განაპირობებს, რაც ცხოველს აძლევს შესაძლებლობას თავი აარიდოს თავდამსმხმელს. კალციუმის ტალღის გავრცელების შემდეგ მცენარეები მტაცებლისგან ვერ გარბიან, მაგრამ გამოიმუშავებენ დამცავ ნივთიერებებს, რომლებიც მომწამვლელია პოტენციური მტაცებლისთვის და ხელს უწყობს დაუზიანებელი ნაწილების რეგენერაციას. 

ეს აღმოჩენა არ ნიშნავს, რომ მცენარეებს ტკივილის აღქმის უნარი აქვთ. ბიოელექტრული სიგნალების მეშვეობით გარემოსთან ურთიერთქმედება არა მხოლოდ მცენარეებში, არამედ სიცოცხლის ყველაზე ძველ ფორმებში, ბაქტერიებშიც გვხვდება. ნერვული სისტემა დაახლოებით 540-600 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა, სიცოცხლე მის გარეშე სამი მილიარდი წლის განმავლობაში არსებობდა, გარემოში არსებულ საფრთხეებზე რეაგირების უნარი კი ორგანიზმებს სიცოცხლის ევოლუციის ყველაზე ეტაპზე სჭირდებოდათ.

კომენტარები