არჩევნები 2018

ზურაბიშვილი "იმედის" წამყვანს: არასერიოზული კითხვებია, ენმ-ის შექმნილ თემებზე ვსაუბრობთ

"არასეროზული კითხვებია" - ასე პასუხობს პრეზიდენტობის ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ტელეკომპანია იმედის ეთერში გადაცემის "პირისპირ" წამყვანს.

ირაკლი ჩიხლაძემ პრეზიდენტობის კანდიდატს ჰკითხა - "ძალიან მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია ამომრჩეველთან, თუმცა, ზოგჯერ საუბრის დროს უშვებთ შეცდომებს და ეს შეცდომები გარკვეულწილად იძლევა ინტერპრეტაციის შესაძლებლობას, გიქმნით თუ არა უხერხულობას ქართული ენა საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას"?

სალომე ზურაბიშვილმა მას უთხრა, რომ არ იცის, რომელ შეცდომებზეა საუბარი და სთხოვა მათი დასახელება. 

"ზოგი სიტყვა, რომელიც სწორად არ წარმოთქვით, მაგალითად, გათხრასთან დაკავშირებით და ასეთ ფრაზებზეა საუბარი" - დააზუსტა წამყვანმა, რაზეც პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ეს არასერიოზული კითხვებია.

"არ ვიცი, ვერ გეტყვით, იმდენად არასერიოზული კითხვებია... მე ვარ მოსული, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, რომ ამომრჩევლებს გავაგებინო, რაზე და რითი მოვდივარ, რისთვის მოვდივარ, რომ მათ გააკეთონ არჩევანი, და ჩვენ ვსაუბრობთ იმ თემებზე, რომლებიც არის შექმნილი რუსთავი ორის და ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომელსაც არანაირი შანსი გამარჯვების აღარ გააჩნია და ცდილობენ, რაღაცა ფორმით დისკრედიტაცია მოახდინონ მათი მთავარი კონკურენტის. მე არ ვაპირებ, რომ ვიყო იმ რეჟიმში, რომელიც ახასიათებს ამ ქვეყანას, რომ რუსთავი ორი და ნაციონალები დღის წესრიგს აწესებენ და ჩვენ ვპასუხობთ, მე არ ვპასუხობ იმათ რაღაცა კრიტიკაზე თუ არაკრიტიკაზე, ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, მე როგორ ვლაპარაკობ, ესმის ჩემი ენა თუ არ ესმის ჩემი ენა, მენდობა თუ არ მენდობა, მე ვარ მოღალატე თუ ისინი, ვინც ისე წავიდნენ, რომ ამ ქვეყანას დააკარგინეს ის ტერიტორიები, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია და დღეს არის ოკუპირებული, რომლებმაც გადააქციეს კოდორი ზემო აფხაზეთად, რომლებმაც გააფართოვეს კოდორის ზონა, დაარქვეს სამხრეთ ოსეთი, ჩაატარეს საპრეზიდენტო არჩევნები არაღიარებულ ქვეყანაში, ესენი რა არიან და მე ვარ მოღალატე, რომელივ ვიზრდებოდი, თქვენც ახსენეთ, ემიგრაციის ოჯახში" - თქვა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, 15 წელია პოლიტიკაშია, თუმცა, "წელს პირველად დაიწყო ამ ჩემს ქართულზე ლაპარაკი, ეს არის შექმნილი ხელოვნური თემა, რომელზეც არც ვაპირებ, რომ გავაგრძელო საუბარი".

კომენტარები