არა ფობიას: მეუფე პეტრეს განცხადებამ ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

პლატფორმა „არა ფობიას" ხელმომწერი ორგანიზაციების შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის შესახებ, ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს სცილდება. სასულიერო პირმა, საეკლესიო მსახურების შემდეგ, ამბიონიდან სალომე ზურაბიშვილს "დაფრანგული" უწოდა, რაც, მისი მტკიცებით, მე-18-19 საუკუნიდან, ფრანგი მისიონერებისგან იღებს სათავეს. მეუფე პეტრეს თქმით, მისიონერები კათოლიკურ სარწმუნოებას მოტყუებით ქადაგებდნენ. სასულიერი პირის მტკიცებით, "მათ ქართველმა ხალხმა დასავლეთში, გურიაში, სამეგრელოში "ფრანგული", "დაფრანგული" უწოდა ანუ გაუკუღმართებული, წამხდარი, მათ აზროვნებას".

"არა ფობიას" განცხადებით, "სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკოსის მიმართ გაკეთებული განცხადება სცილდება ჯანსაღი კრიტიკის ფარგლებს და ქსენოფობიური და ანტიკათოლიკური კონოტაცია შეიძინა, რაც შეურაცხყოფს კათოლიკე ეკლესიასა და მის მრევლს, რადგან რელიგიური და ეროვნული ნიშნით დისკრიმინაციული ხასიათისაა. 

ასევე გვსურს, ყურადღება გავამახვილოთ მედიის პასუხისმგებლობის საკითხზეც.  მსგავსი ქსენოფობიური განცხადებების უკრიტიკოდ, სარედაქციო კომენტარის გარეშე გაშუქება, რომელშიც მკაფიოდ იქნება აღნიშნული განცხადების დისკრიმინაციული ბუნება არ შეესაბამება მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ეთიკურ ჟურნალისტიკას".

NGO-ები მოუწოდებენ სასულიერო და სხვა საჯარო პირებს, თავი აარიდონ ისეთ განცხადებებს, რომელიც ადამიანების რელიგიური, ეთნიკური ან სხვა ნიშნით დისკრიმინაციას ახდენს. ასევე, მიმართავენ მედიას, საჯარო პირების მიერ გაკეთებული ქსენოფობიური ან სხვა სახის დისკრიმინაციული განცხადებების ტირაჟირებისას, მკაფიოდ აღნიშნონ, რომ ასეთი კომენტარი შესაძლოა გარკვეული ჯგუფების დისკრიმინაციას ახდენდეს.

განცხადების ხელმომწერები არიან მედიის განვითარების ფონდი (MDF), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), საფარი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) და საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS).

კომენტარები