თავდასხმა ზურაბ ვარდიაშვილზე

ვარდიაშვილი: გამოძიება ან ხელს აფარებს თავდამსხმელებს, ან არაკვალიფიციურები არიან

ლიბერალი

ლიბერალის რედაქტორის თქმით,"ორი უცხადესი ვერსიაა: ერთი, ან გამოძიება ხელს აფარებს თავდამსხმელებს, ან საოცრად არაკვალიფიციურები არიან და ბრალის წარდგენა არ შეუძლიათ". 

ზურა ვარდიაშვილი, რომელსაც თავს შაბათს ორგანიზებულად დაესხნენ და სცემეს, წერს, რომ გამოძიება დამნაშავეების დასჯას არ ცდილობს. 

"ორი უცხადესი ვერსიაა: ერთი, ან გამოძიება ხელს აფარებს თავდამსხმელებს, ან საოცრად არაკვალიფიციურები არიან და ბრალის წარდგენა არ შეუძლიათ

მხოლოდ პირადი ანგარიშსწორების შანსს ტოვებენ. მაგრამ მე ამას არ გავაკეთებ - მეგობრებთან ერთად ასე ლაჩრულად და ნაბიჭვრულად არავის დავესხმები თავს და თავ-ყბას არ გავუერთიანებ, აუცილებლად კანონის ფარგლებში ვაგებინებ პასუხს მასაც და მისი ხელის დამფარებლებსაც.

მხოლოდ ჩემზე თავდასხმა არ არის ეს, ეს ნებისმიერი მოქალაქის უსაფრთხოებაზე თავდასხმაა, კანონით დაცულ საზოგადოებაზე თავდასხმაა, და ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ. როგორც არამხოლოდ ამ შემთხვევის მონაწილე, არამედ, როგორც უბრალოდ მოქალაქე და ჟურნალისტი.

"უპატიოსნესი ბიჭია, არ არის ნასამართლევი, ნანობს და ბოდიშის მოხდა უნდა". თურმე", - წერს ზურა ვარდიაშვილი. 

ლიბერალის რედაქტორს თავს შაბათს, 15 სექტემბერს, 20:30-ზე, თავს 5-6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ორგანიზებულად დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ვარდიაშვილს პოლიციაში უთხრეს, რომ თავდამსხმელებს ის სხვა ზურა ვარდიაშვილში შეეშალათ და სხვა პირის ნაცვლად, შეცდომით გაუსწორდნენ - ის ეგონათ ადამიანი, რომელმაც 14 სექტემბერს "კარფურში" იჩხუბა და ამბობდა, რომ მისი სახელი ზურაბ ვარდიაშვილია.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე 1 ადამიანი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა, თუმცა, მათი იდენტიფიცირება თავდასხმის დღესვე მოხდა.

დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ვარდიაშვილი ეჭვობს, რომ მას, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ და აღკვეთის სახით პატიმრობას არ შეუფარდებენ. 

"გამოვედი პროკურატურიდან, გავეცანი საქმის მასალებს. თავდამსხმელები ანგელოზები არიან, თან მხოლოდ ერთი ანგელოზი შემეხო ნაზად, დანარჩენები ლოცვას აღავლენდნენ. ვისშიც შევეშალე, ისიც ანგელოზია. აღმკვეთი ხვალ იქნება, ალბათ გამოუშვებენ. შევეშალე კაცს და ხო არ ჩასვამენ ასეთი წვრილმანის გამო", - თქვა ვარდიაშვილმა

ვარდიაშვილის თავდასხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები