პატრიოტთა ალიანსი

"იბერია განსაცდელშია, ვერსად გავიგონე პატრიოტთა ალიანსის ხმა"- ჩხეიძემ ფრაქცია დატოვა

ნატო ჩხეიძე
საქართველოს პარლამენტი

დეპუტატმა ნატო ჩხეიძემ, ტელეკომპანია „იბერიას“ საკითხზე „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან არასათანადო მხარდაჭერის გამო ფრაქცია დატოვა. 

ამის შესახებ დეპუტატმა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.

"ამ ორ კვირაში გახმიანდა ანტისახელმწიფოებრივი და მეტად მტკივნეული მოვლენა – სამთავრობო შეტევა მედიასა და ბიზნესზე. განსაცდელშია ტელეკომპანია „იბერია“. განსაცდელშია „ომეგა ჯგუფში“ დასაქმებული 1 500-მდე ადამიანი, დახურულია საწარმო. ამ მოვლენამ გამოიწვია საზოგადოების აღშფოთება და პროტესტი, რასაც შეუერთდა ქვეყანაში მოქმედი ოპოზიციური პარტიების თითქმის მთელი სპექტრი. საქართველოს პრეზიდენტმა, სახალხო დამცველმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციურმა პარტიებმა გამოხატეს თანადგომა „ომეგა ჯგუფისადმი“, მედიისა და ბიზნესის დასაცავად.  ამ საყოველთაო განწყობის ფონზე, სამწუხაროდ, ვერსად გავიგონე „პატრიოტთა ალიანსის“ ხმა. ამის გამო, გაუმართლებლად მიმაჩნია ჩემი ყოფნა ამ პოლიტიკურ გაერთიანებაში და შესაბამისად, გავდივარ პარტიიდან“, -თქვა დეპუტატმა. 

ჩხეიძე ამბობს, რომ სადეპუტატო მოვალეობების შესრულებას განაგრძობს, როგორც დამოუკიდებელი დეპუტატი. 

„ვიმედოვნებ, პარლამენტში დროის გარკვეულ მონაკვეთში მოინახება ერთი დეპუტატი,  რათა „საქართველოს პატრიოტთა“ ფრაქციამ ჩვეულ რეჟიმში გააგრძელოს საპარლამენტო საქმიანობა და იმ ერთმა დეპუტატმა ჩამანაცვლოს მე“, – აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა ფარული ჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და კომპანია "თბილისი თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი საუბრობენ "ომეგა ჯგუფის" გაყოფასა და მისი აქტივებიდან ახალი ჰოლდინგური კომპანიების ჩამოყალიბებაზე, საიდანაც 25%-25%-იანი წილი "ომეგა ჯგუფის" და "თბილისის თამბაქოს" საკუთრება გახდებოდა, ხოლო 50% კი წავიდოდა ორგანიზაციაში, რომელსაც საუბრის მონაწილეები "ფონდად" მოიხსენიებენ. ზაზა ოქუაშვილის ცოლის და პატრიოტთა ალიანსის უკვე ყოფილი დეპუტატის ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ეს ფონდი სინამდვილეში ქართული ოცნება იქნებოდა. 

"ომეგა ჯგუფს" სახელმწიფოს წინაშე 51 მილიონის დავალიანება მართებს. ამ ვალის უდიდესი ნაწილი თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ოჯთ"-ს უკავშირდება, რომელიც გასული წლების განმავლობაში მის მიერ წარმოებული სიგარეტის აქციზის გადასახადის გადახდას თავს არიდებდა. 

"ომეგა ჯგუფის" ერთ-ერთი შემადგენელია ტელეკომპანია "იბერია", სწორედ ტელევიზიის წილების გადაფორმების საკითხი იყო წარსულში გამოქვეყნებული ფარული ჩანაწერების მთავარი საკითხი. სპორტის ყოფილმა მინისტრი და რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ლევან ყიფიანი ოქუაშვილს "იბერიას" დათმობის და დიდძალი ქრთამის სანაცვლოდ, "ოჯთ"-ის ფინანსური პრობლემების მოგვარებას ჰპირდებოდა. ყიფიანმა ფარულ ჩანაწერში თქვა, რომ "საქმის მოგვარებისთის" განკუთვნილი ფული უჩა მამაცაშვილისთვის იყო განკუთვნილი.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, გამოკითხეს ლევან ყიფიანი. 

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ 12 სექტემბერს თქვა რომ "ომეგა ჯგუფს" ტელეკომპანიის ფლობა გადასახადებისგან არ ათავისუფლებს. მინისტრთა კაბინეტის წევრთა თქმით, "ომეგა ჯგუფის" განცხადებები მხოლოდ და მხოლოდ გადასახადებისგან თავის არიდებას ემსახურება. 

"იბერია" მთავრობას ზეწოლაში 2018 წლის დასაწყისშიც ადანაშაულებდა, მაშინ პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ ტელეკომპანია სახელმწიფოს აშანტაჟებდა.

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

კომენტარები