თავდასხმა ზურაბ ვარდიაშვილზე

კახიძე ვარდიაშვილის საქმეზე: შემაშფოთებელია, რომ უწყებები ფუნქციებს არ ასრულებენ

პარლამენტი

ევროპული საქართველოს წევრმა, ოთო კახიძემ ლიბერალის რედაქტორის, ზურა ვარდიაშვილის ცემის ფაქტზე განცხადება პარლამენტის პლენარულ სესიაზე გააკეთა. 

მისი თქმით, შემაშფოთებელია, რომ საგამოძიებო უწყებები თავიანთ ფუნქციებს არ ასრულებენ. 

"თავს დაესხნენ "ლიბერალის" რედაქტორს, ზურაბ ვარდიაშვილს. მას თავს დაესხნენ ჯგუფურად და სცემეს, მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება, ასევე დაუზიანეს მობილური ტელეფონი. მინდა გითხრათ, კოლეგებო, რომ ამ შემთხვევაშიც, საგამოძიებო უწყებები და პროკურატურა ჩადენილი დანაშაულის შესაბამისად არ რეაგირებს. არ მოხდა ქმედების დაკვალიფიცირება ჯგუფურობის მიხედვით. ანუ ცალკე ცემის ფაქტზეა დაწყებული გამოძიება და დაკავებულია მხოლოდ ერთი პირი, არა - მისი თანამზრახველები. ჩვენ ვართ იმავე რეჟიმში, რომ მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ. მაშინ, როდესაც ისინი თავად უნდა ასრულებდნენ საკუთარ ფუნქციებს. ძალიან შემაშფოთებელი ვითარებაა ამ კუთხით და პარლამენტს მართებს განსაკუთრებული კონტროლის გამოჩენა ამგვარი შემაშფოთებელი შემთხვევების მიმართ", - თქვა კახიძემ. 

ლიბერალის რედაქტორს თავს შაბათს, 15 სექტემბერს, 20:30-ზე, თავს 5-6 ადამიანისგან შემდგარი ჯგუფი ორგანიზებულად დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

ვარდიაშვილს პოლიციაში უთხრეს, რომ თავდამსხმელებს ის სხვა ზურა ვარდიაშვილში შეეშალათ და სხვა პირის ნაცვლად, შეცდომით გაუსწორდნენ - ის ეგონათ ადამიანი, რომელმაც 14 სექტემბერს "კარფურში" იჩხუბა და ამბობდა, რომ მისი სახელი ზურაბ ვარდიაშვილია.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინციდენტში მონაწილე 1 ადამიანი შემთხვევიდან რამდენიმე დღის შემდეგ დააკავა, თუმცა, მათი იდენტიფიცირება თავდასხმის დღესვე მოხდა.

დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს. ვარდიაშვილი ეჭვობს, რომ მას, სავარაუდოდ, გაათავისუფლებენ და აღკვეთის სახით პატიმრობას არ შეუფარდებენ. 

"გამოვედი პროკურატურიდან, გავეცანი საქმის მასალებს. თავდამსხმელები ანგელოზები არიან, თან მხოლოდ ერთი ანგელოზი შემეხო ნაზად, დანარჩენები ლოცვას აღავლენდნენ. ვისშიც შევეშალე, ისიც ანგელოზია. აღმკვეთი ხვალ იქნება, ალბათ გამოუშვებენ. შევეშალე კაცს და ხო არ ჩასვამენ ასეთი წვრილმანის გამო", - თქვა ვარდიაშვილმა

ლიბერალის რედაქტორზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. 

კომენტარები