დროებითი საგამოძიებო კომისია

ომბუდსმენი პარლამენტის დადგენილებაში მ.კ.-ზე დევნის დაწყების რეკომენდაციის შეტანას ითხოვს

სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტს რეკომენდაციით მიმართავს. ომბუდსმენი ითხოვს, რომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნასა და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მიღებულ პარლამენტის დადგენილებაში შევიდეს კომისიის ის რეკომენდაციებიც, რომლებიც რომლებიც სამოხელეო დანაშაულსა და იმ პირების მიმართ გამოძიების დაწყებას ეხება, ვინც გამოძიებაზე არამართლზომიერი გავლენა მოახდინა, ასევე, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება მ.კ.-ს მიმართ მკვლელობაში მონაწილეობისათვის.

"ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივლისში სახალხო დამცველმა საქართველოს მთავარ პროკურორს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა, რამდენადაც მიიჩნია, რომ კომისიის სხდომებზე გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირების გამოკითხვებით დადასტურდა, რომ ჩაუტარებელი ან/და დაგვიანებით ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები არ ემსახურებოდა კონკრეტულ საგამოძიებო ტაქტიკას. ამასთან, კომისიის მუშაობის დადგენილმა ფაქტობრივმა გარემოებებმა თავისი მუშაობის პერიოდში გამოავლინა საგამოძიებო ორგანოების შესაბამისი თანამშრომლების და მკვლელობის გამოძიებაში საპროცესო მონაწილეთა ახლო ნათესავებს შორის კომუნიკაცია.

კომისიამ მუშაობის პროცესში მოიპოვა დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც საქმეში მანამდე არსებულ მტკიცებულებებთან ერთად, მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობის ვარაუდს ქმნის. აღსანიშნავია, რომ ეს კონკრეტული ფაქტები მკვლელობაში მ.კ.–ს მონაწილეობაზე, საგამოძიებო ორგანოების მიერ მკვლელობის მიმდინარე გამოძიების პროცესში შესწავლისა და შეფასების მიღმა დარჩა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს – საქართველოს პარლამენტმა საგამოძიებო ორგანოებს კომისიის მიერ გამოვლენილი ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის ვალდებულება დაუდგინოს", - აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ პარლამენტს და შესაბამის ორგანოებს კომისიის რეკომენდაციების გაზიარებისკენ 11 არასამთავრობო ორგანიზაციაც მოუწოდებს. მათი შეფასებით, ეს ხელს შეუწყობს როგორც საქმის გამოძიების სათანადოდ წარმართვას, ასევე, მსგავსი შემთხვევების პრევენციას მომავალში. NGO-ები მიიჩნევენ, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნა საფუძვლიანი და არგუმენტირებულია.

_________________

ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნებმა 2017 წლის 1 დეკემბერს იჩხუბეს. შედეგად, დანით მოკლეს 51-ე სკოლის ორი მოსწავლე - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი. მკვლელობის ბრალდებით, პირველი ექსპერიმენტული სკოლის ერთი მოსწავლე გ.ბ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს, მეორე გ.ჯ - სამართალდამცავებს 4 დეკემბერს ჩაბარდა. მათ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. გარდა ამისა, დანაშაულის დაფარვისთვის ბრალი წარუდგინეს ხუთ პირს. მათგან პატიმრობა სამ ადამიანს შეუფარდეს. დაკავებულთაგან ერთერთი - შსს-ს თანამშრომელი თენგიზ კალანდია იყო.

31 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობაში ერთ-ერთი ბრალდებული გ.ბ დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა და ლევან დადუნაშვილის მკვლელობის ნაწილში გაამტყუნა, ხოლო მეორე ბრალდებულს გ.ჯ-ს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ამის შემდეგ, თბილისში მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომლის ორგანიზატორიც დაღუპული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე იყო. მისი თქმით, დავით სარალიძის მკვლელები დასჯილები არ არიან. ის დანაშაულის დაფარვაში ბრალს თენგიზ კალანდიას და პროკურატურის ყოფილ თანამშრომელს მირზა სუბელიანს სდებდა.

აქციების შემდეგ, გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, ხოლო საქმე პროკურატურისგან კლავ შსს-მ გადაიბარა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს მირზა სუბელიანი, ხოლო მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით - მერაბ მორჩაძე. ამ უკანასკნელს გამოძიება მიხეილ კალანდიაზე ზეწოლას ედავება. შსს-ს მტკიცებით, მან მოსთხოვა კალანდიას, რომ გ.ჯ-ს წინააღმდეგ ჩვენება შეეცვალა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ მიხეილ კალანდიას ბრალი წარუდგინეს დანაშაულის დაფარვისთვის, ხოლო ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით არასრულწლოვანი დ.ღ დააკავეს.

საგამოძიებო კომისია

2018 წლის 6 ივნისს, პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა, რომლის უმრავლესობაშიც საპარლამენტო უმცირესობაა. კომისიამ გამოკითხა დაღუპული მოზარდების მშობლები, შსს-ს და პროკურატურის წარმომადგენლები, ექსპერტები, არასრულწლოვნები.  

5 სექტემბერს ხორავას ქუჩის მკვლელობების შემსწავლელი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობა დასრულდა და კენჭი ეყარა დასკვნის დოკუმენტს. კომისიამ, რომლის უმრავლესობასაც საპარლამენტო უმცირესობა წარმოადგენდა, ევროპული საქართველოს მომზადებული დოკუმენტი დაამტკიცა. 

საგამოძიებო კომისიის მიერ გამოვლენილი ძირითადი დარღვევები: 

  • მირზა სუბელიანის, მისი ოჯახის წევრებისა და ნათესავების მიმართ გამოკვეთილი აშკარა მიკერძოება გამოძიებისას.
  • მირზა სუბელიანის შვილის დეიდაშვილის, მ.კ.-ს მიმართ არ ჩატარდა, ან დაგვიანებით ჩატარდა მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები; ასევე, არ გადამოწმდა დანაშაულში მისი მონაწილეობის ვერსია.
  • მ.კ.-სთვის დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდების წაუყენებლობა
  • შემთხვევის ძირითადი ადგილისა და მეორე ადგილის არასათანადო დათვალიერება, შესაბამისი მტკიცებულებების განადგურება, ან არმოპოვება 
  • გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების ამოღებასა და დათვალიერებასთან დაკავშირებული დარღვევები
  • დარღვევები კომუნიკაციის ტექნიკური საშუალებებიდან მტკიცებულებათა მოპოვებისას 
  • თვითმხილველთა დაკითხვასთან დაკავშირებული დარღვევები  
  • საცხოვრებელი ბინების ჩხრეკა-ამოღებასთან დაკავშირებული დარღვევები 
  • გამოძიების არდაწყება გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე
  • დ.ღ.-ს მიმართ მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობა 
  • დავით სარალიძის მკვლელობაში გ.მ.-ს მონაწილეობის ვერსიის დაუმუშავებლობა 

კომისიის ძირითადი რეკომენდაციები:

  • მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 
  • მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა
  • მოწმეების მიმართ ცრუ ჩვენების და ცრუ ახსნაგანმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • გამოძიების დაწყება წეროვანიდან გ.ჯ.-ს წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე
  • გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო
  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება
  • ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები

კომენტარები