აზია არჯენტო

აზია არჯენტო როუზ მაკგოუენის წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავს

იტალიელმა მსახიობმა აზია არჯენტომ, რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს, ამბობს რომ მის მეგობარს და მსახიობს როუზ მაკგოუენს ცილისწამებისთვის სასამართლოში უჩივლებს. 

მაკგოუნმა 27 აგვისტოს თქვა, რომ არჯენტომ არასრულწლოვნის შევიწროვება აღიარა. 

"მწუხარებით ვამბობ, რომ გაძლევ 24 საათს იმისთვის, რომ შენი შემზარავი სიტყვები ჩემ წინააღმდეგ უკან წაიღი და ბოდიში მოიხადო ამ ტყუილისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში მომიწევს სასამართლოს მივმართო",- წერს არჯენტო "ტვიტერზე"

The New York Times-მა ცოტა ხნის წინ დაწერა, რომ აზია არჯენტომ არასრულწლოვანზე იძალადა, შემდეგ კი დუმილისთვის ფული გადაუხადა. 

ამერიკული გამოცემის ცნობით, 22 წლის მსახიობს და როკ-მუსიკოსს, ჯიმი ბენეტს 380 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა. ჯიმი ბენეტი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ როცა ის 17 წლის იყო, 37 წლის არჯენტომ, რომელიც ახლა 42 წლისაა, მასზე სექსუალურად იძალადა. კალიფორნიაში სექსუალური კავშირი 18 წლის ასაკიდან არის კანონიერი. 

The New York Times-ი აღნიშნავს, რომ გამოცემას ბენეტისთვის თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები აქვს, რომელთა ავთენტურობაც საქმესთან დაკავშირებულმა სამმა ადამიანმა დაადასტურა. 

იტალიელი მსახიობი, აზია არჯენტო სექსუალური ძალადობის შესახებ ბრალდებებს უარყოფს. 

მოძრაობა #MeToo-ს ლიდერი ამბობს, რომ მისმა პარტნიორმა, ენტონი ბურდენმა ჯიმი ბენეტს 380 ათასი დოლარი გასული წლის ოქტომბერში გადაუხადა, რათა მას ფინანსური პრობლემების მოგვარებაში დახმარებოდა.

ცოტა ხნის წინ, არჯენტოს შესახებ სერიები CNN-მა ეთერიდან მოხსნა და ასევე, ცნობილი გახდა, რომ ის იტალიური "X-ფაქტორის" ჟიურის წევრი აღარ იქნება. მედიის ცნობით, არჯენტო პროექტის 7 გადაცემაში მონაწილეობს, თუმცა მსახიობი შოუს ფინალურ ეტაპზე აღარ იქნება. 

 

კომენტარები