ქუთაისის კინო საქართველო

ქუთაისის კინოთეატრში ფილმს "რელიგიის შეურაცხყოფის" გამო ქართულად არ გაახმოვანებენ

ქუთაისის კინოთეატრ საქართველოში ფილმს "რელიგიის შეურაცხყოფის" გამო ქართულად არ გაახმოვანებენ. ფილმი კინოთეატრში ინგლისურ და რუსულ ენებზე გავა.

"27 სექტემბრიდან ვგეგმავდით ფილმის "მონაზვნის წყევლა" ქართული დუბლიაჟის მომზადებას, მაგრამ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ფილმს ქართულად არ გავახმოვანებთ.

ადმინისტრაციამ ნახა ფილმი და გადაწყვეტილება იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ფილმი აკნინებს და შეურაცხყოფს რელიგიას. ჩვენ პატივს ვცემთ მორწმუნეთა გრძნობებს და რწმენას, ფილმი წარმოდგენილი იქნება სეანსების მცირე რაოდენობით, რუსულ და ინგლისურ ენებზე", - წერია კინოთეატრის ფეისბუქის გვერდზე. 

კინოთეატრის იურისტი, ზვიად ნიშნიანიძე ამბობს, მათ ფილმის ამოღების უფლება არ აქვთ, ამიტომ შესაძლოა სეანსები მხოლოდ ერთი დღე ჩატარდეს. შემდეგ დღეებში კი არც სხვა ენებზე გავიდეს, ვინაიდან ეს ფილმი "მართლმადიდებლების და კათოლიკეების რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს".

"ჩვენ არ გვაქვს ცენზურის უფლება, ფილმის საერთოდ აკრძალვის უფლება არ გვაქვს. მეორე საკითხია ქართულად თარგმნა და პოპულარიზაცია, რომ ყველამ ნახოს. ამას უკვე ჩვენ არ ვუშვებთ, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეზღუდულად გავიდეს. მაგრამ, ამ აჟიოტაჟის მერე შეიძლება ის საერთოდ არ გავუშვათ პირველი დღის მერე. ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ პრინციპების გამო. ვიზარალებთ, აბა რა ვქნათ. იმიტომ რომ ეს ფილმი შეურაცხყოფს ორივე - კათოლიკე და მართლმადიდებელი მრევლის რელიგიურ გრძნობებს. ჩვენ ასე ჩავთვალეთ. მაგრამ ჩვენ რომ ასე ჩავთვალეთ, არ ნიშნავს, რომ მთლიანად შევწყვეტთ ფილმის ჩვენებას. ცენზორობასაც ვერავინ დაგვაბრალებს. ამიტომ მივიღეთ შუალედური გადაწყვეტილება - ისეთ ენაზე გავუშვათ, რომ თუ ვინმეს აინტერესებს, ნახავს, მაგრამ ქართულ ენაზე, მასობრივად ყველამ რომ ნახოს, არ გვინდა", - ამბობს ზვიად ნიშნიანიძე. 

კომენტარები