პარლამენტმა მარიხუანას მოხმარების რეგულაციებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

Reuters

პარლამენტმა მარიხუანას მოხმარების რეგულაციებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

კანონპროექტის მიზანი მარიხუანას მოხმარების "მავნე" ზეგავლენისგან საზოგადოების (განსაკუთრებით მოზარდების) დაცვაა.

კანონპროექტის მიხედვით ადმინისტრაციული წესით დაისჯება მარიხუანას მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ნებისმიერ ადგილას;

  • ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში,
  • არასრულწლოვანთა მიერ,
  • არასრულწლოვანთა თანდასწრებით,
  • სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულების ან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის განკუთვნილი სხვა დაწესებულების შენობა-ნაგებობაში და მათ საკუთრებაში არსებულ ტერიტორიებზე,
  • არასრულწლოვნებისთვის განკუთვნილ საზოგადოებრივ შეკრებებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე განსაზღვრულ რადიუსში,
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარკვეული პროფესიის ადამიანებისთვის (მაგალითად, პედაგოგებისთვის, ექიმებისთვის, საჯარო მოხელეებისთვის).

სისხლის სამართლის კოდექსის ძალით დაისჯება სატრანსპორტო საშუალების მართვა ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალების, მათ შორის, მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ.

ასევე დასჯადია 21 წლამდე პირთათვის მარიხუანის გასაღება/გადაცემა ან მარიხუანის მოხმარებაზე დაყოლიება.

კანონპროექტის მიხედვით, გარკვეული პროფესიის ადამიანებს მარიხუანის მოხმარების გამო პროფესიული საქმიანობის უფლების ჩამოერთმევათ და შეეზღუდებათ სამოქალაქო უფლებები.

იზრდება სანქცია ნარკოტიკული საშუალების მოხმარების პოპულარიზაციის ან რეკლამისთვისაც.

შეგახსენებთ, რომ მარიხუანას მოხმარება ლეგალური 2018 წლის 30 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა. გირჩის პრეზიდენტობის კანდიდატის, ზურა ჯაფარიძისა და გირჩის ერთერთი ლიდერის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ "მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას". მანამდე მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების "ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა.

მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ მიიღო, რომელსაც მერაბ ტურავა, გიორგი კვერენჩხილაძე, მაია კოპალეიშვილი და ევა გოცირიძე შეადგენენ. საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში 30 მაისს გაიმართა. საკონსტიტუციო სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძის და ვახტანგ მეგრელიშვილის სარჩელის საფუძველზე ეს მუხლი გააუქმა, შედეგად მარიხუანას უშუალოდ მოხმარების პროცესი ლეგალური გახდა.

კომენტარები