საფრანგეთი

ISIS-ის ფოტოების გამოქვეყნების გამო სასამართლო ლე პენის ფსიქიატრიულ შეფასებას ითხოვს

Getty Images

საფრანგეთის სასამართლომ Twitter-ზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ძალადობის ამსახველი ფოტოების გავრცელების თაობაზე გამოძიების ფარგლებში მარინ ლე პენის ფსიქიატრიული შეფასება მოითხოვა.

ულტრა-მემარჯვენე "საფრანგეთის ეროვნული ფრონტის" ლიდერი სასამართლოს მოთხოვნის შესრულებაზე უარს ამბობს.

მან სოციალურ ქსელში 11 სექტემბრით დათარიღებული სასამართლოს დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ მოსამართლეს მისი ფსიქიატრიული შეფასება სურს, რათა დაადგინოს აქვს თუ არა მას რაიმე სახის ფსიქიკური აშილობა, მოახდინა თუ არა ამან გავლენა მის მიერ გამოქვეყნებულ ტვიტებზე და წარმოადგენს თუ არა ის საზოგადოებისათვის საფრთხეს.

"მეგონა ყველაფერი ვნახე, მაგრამ არა! ჩემს ტვიტებში დაეშის საშინელებიების დაგმობის გამო "სასამართლო" ჩემს ფსიქიატრიულ შეფასებას მოითხოვს! სადამდე წავლენ? დაუჯერებელია!" დაწერა ლე პენმა საკუთარ ტვიტერზე.

მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტესტის ჩატარებას არ აპირებს და აინტერესებს როგორ შეეცდება სასამართლო აიძულოს მას ტესტის გავლა.

შეგახსენებთ, რომ მარინ ლე პენმა, რომელიც საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ემანუელ მაკრონთან დამარცხდა, 2015 წელს Twitter-ზე ISIS-ის ძალადობის ამსახველი 3 ფოტო გამოაქვეყნა. ერთერთ ფოტოზე ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი იყო გამოსახული, რომელსაც ექსტრემისტებმა თავი მოკვეთეს.

"ესაა დაეში!" - დაწერა ლე პენმა პოსტში და ISIS-ის არაბული აკრონიმი გამოიყენა. 

მას შემდეგ, რაც მის ქცევას სოციალური მედიის მომხმარებლებისგან და ფოლის ოჯახისგან დიდი კრიტიკა მოჰყვა, ლე პენმა ჟურნალისტის ფოტო წაშალა და თქვა, რომ არ იცოდა, რომ ფოტოზე გამოსახული მამაკაცი ის იყო. 

საფრანგეთის სამართალდამცავებმა აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყეს, მაგრამ მას ჯერ ევროპარლამენტის ხოლო შემდეგ საფრანგეთის პარლამენტის იმუნიტეტი იცავდა, თუმცა ეს უკანასკნელი საფრანგეთის ნაციონალურმა კრებამ გასული წლის ნოემბერში ჩამოართვა.

ლე პენის და მისი პარტიის მიმართ გამოძიება ევროკავშირის ფონდების არასათანადო გამოყენების თაობაზეც მიმდინარეობს.

კომენტარები