ნეირომეცნიერება

კვლევის თანახმად, ექსტაზის ზემოქმედების ქვეშ რვაფეხები უფრო კომუნიკაბელურები არიან

ჟურნალ Cell-ში დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ფსიქოაქტიური ნივთიერება ექსტაზი (MDMA) რვაფეხებს უფრო სოციალურს ხდის. მკვლევრები ამტკიცებენ, რომ მათ აღმოაჩინეს კავშირი ადამიანის და იმ სახეობების სოციალურ ქცევას შორის, რომელთაგანაც 500 მილიონი წლის ევოლუცია გვაცალკევებს. 

Octopus bimaculoides ასოციალური სახეობაა, ის თავს არიდებს სხვა რვაფეხებთან ურთიერთობას და თუ მას სხვა რვაფეხასთან ერთ აკვარიუმში მოვათავსებთ, ის შესაძლოა აგრესიული გახდეს და თავს დაესხას მას, ან მორცხვად აეტუზოს კედელს. ასოციალურ ქცევას რვაფეხა მხოლოდ შეწყვილების პერიოდში წყვეტს. ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერმა, გალ დოლენმა ივარაუდა ამ პროცესის ნეირონული მექანიზმი და დაინტერესდა, შეუძლია თუ არა MDMA-ს მისი გააქტიურება. ეს კვლევა მხოლოდ ცნობისმოყვარეობით არ იყო ნაკარნახევი. ბოლო წლებია მეცნიერები აქტიურად ცდილობენ MDMA-ს თერაპიული შესაძლებლობების გამოკვლევას, მაგალითად, ვეტერანებში პოსტ-ტრავმატული სტრესული აშლილობის მკურნალობისთვის. 

"MDMA კარგი მეთოდია იმის დასადგენად, შეუძლიათ თუ არა რვაფეხებს გახდნენ სოციალურები. ჩვენი კვლევის დასკვნაა, რომ ტვინის გარკვეული ნივთიერებები, ნეიროტრანსმიტერები, რომლებიც აუცილებელია სოციალური ქცევის ჩამოყალიბებისთვის, არის ევოლუციის მიერ შენახული. "- ამბობს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერი გალ დოლენი. 

დოლენმა ექსპერიმენტში სამი აკვარიუმი გამოიყენა. ერთი ცარიელი, ერთი პლასტმასის სათამაშოთი გალიის ქვეშ და ერთი მამრი ან მდედრი ლაბორატორიაში გამოყვანილი რვაფეხით გალიის ქვეშ.

მას შემდეგ, რაც ოთხმა რვაფეხამ წყალში გახსნილი MDMA ლაყუჩებით შეიწოვა, ისინი 30 წუთის განმავლობაში ექსპერიმენტულ აკვარიუმებში მოათავსეს. ოთხივე უფრო მეტ დროს ატარებდა იმ აკვარიუმში, რომელშიც მამრი რვაფეხა იყო, დანარჩენ ორ აკვარიუმთან შედარებით. ისინი ეხუტებოდნენ გალიას და მის ნაწილებს პირში იდებდნენ. ეს ძალიან ჰგავს MDMA-ს ეფექტს ადამიანებზე; ისინი ერთმანეთს უფრო ხშირად ეხებიან.

ნორმალურ სიტუაციაში, MDMA-ს გარეშე, ხუთი მამრი და მდედრი რვაფეხა თავს არიდებდა მხოლოდ იმ გალიას, რომელშიც მამრი რვაფეხა იმყოფებოდა.

კომენტარები