რასიზმი

ბოლივუდის მსახიობი: საქართველოში საპასპორტო კონტროლზე რასისტი ოფიცერი შემხვდა

რიჩა ჩადჰა
Indiaexpress

ბოლივუდის მსახიობი რიჩა ჩადჰა თბილისში ინდური სერიალის "Inside Edge"-ის გადაღებებზე იმყოფებოდა. სერიალი კრიკეტის პროფესიონალი მოთამაშეების ცხოვრების შესახებაა და მას Amazon Prime აფინანსებს.

მან საკუთარ Twitter-ზე დაწერა, რომ თბილისის აეროპორტის თანამშრომელი რასისტულად მოექცა:

"საქართველოს დატოვებისას რასისტ ოფიცერს შევხვდი საპასპორტო კონტროლზე. ჩემი პასპორტი ორჯერ დაახეთქა მაგიდაზე...რაღაც ჩაილაპარაკა ქართულად, დამიყვირა და მითხრა ავჩქარებულიყავი. სამწუხაროა, რომ მისი მსგავსი ადამიანები არიან ისინი, ვისაც ქვეყნის დატოვებისას ვხედავთ." დაწერა მან.

გუშინ მსახიობმა სოციალურ ქსელში თბილისში ტაქსით მგზავრობის გამოცდილებაზეც დაწერა:

"გუშინ თბილისში ყველაზე თავაზიან ტაქსისტს შევხვდი. ისეთი თავაზიანი იყო, ქალაქში ჩემი გამოცდილება შეცვალა, ფულად საჩუქარზე უარი მითხრა და სულ მიღიმოდა. მხოლოდ ჟესტებით გვქონდა კომუნიკაცია, თუმცა მის გულს ვგრძნობდი!" დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ ტაბულას მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილი სტატისტიკის მიხედვით 2018 იანვარ-მარტში საზღვრიდან გაბრუნებული 3674 პირიდან 13% ინდოეთის მოქალაქეა.

საზღვრიდან გაბრუნებული ადამიანების ნაწილის თქმით, მათ ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდათ, ისინი ქართველ მესაზღვრეებს აზიური წარმოშობის პირებისადმი ქსენოფობიურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებენ.

კომენტარები