სექსუალური შევიწროება

რატომ არ ლაპარაკობს მსხვერპლი სექსუალურ ძალადობაზე?

2017 წელს, მას შემდეგ რაც ცნობილი ამერიკელი პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი 80-მდე ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა, #Metoo კამპანია დაიწყო.

კამპანიის ფარგლებში ქალები ყვებიან სექსუალური შევიწროების გამოცდილებებზე, რამაც უფრო ფართო დისკუსია გამოიწვია - რატომ არ ლაპარაკობს მსხვერპლი სექსუალურ ძალადობაზე?

სირცხვილი

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზი, რის გამოც ადამიანები არ ამბობენ სექსუალური ძალადობის შესახებ, არის სირცხვილი. ეს ერთ-ერთი უპირველესია იმ ემოციებს შორის, რომელიც ადამიანს სექსუალური ძალადობის შემდეგ უჩნდება. ექსპერტი გერშენ კაუფმანი წერს - “ სირცხვილი არის ბუნებრივი რეაქცია, როდესაც ძალადობის ან შეურაცხყოფის მსხვერპლი ხარ. შეურაცხყოფა, თავისი ბუნებით, დამამცირებელია და ადამიანურ სახეს გაკარგვინებს. განსაკუთრებით, სექსუალური ძალადობის დროს.”

სირცხვილის განცდამ მსხვერპლი შეიძლება საკუთარი თავის დადანაშაულებამდე მიიყვანოს. ლი კორფმანი The Washington post-თან საუბარში ამბობს, რომ ის 14 წლის ასაკში გახდა ძალადობის მსხვერპლი - “ვგრძნობდი პასუხისმგებლობას. ვფიქრობდი, რომ მე ცუდი ვიყავი.”

უარყოფა

ბევრ ადამიანს არ სურს იმის დაჯერება, რომ სხვა ადამიანის ქცევა მათდამი შეურაცხყმყოფელი იყო. ისინი არწმუნებენ საკუთარ თავს, რომ არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. “ მე ვიცი ბევრი ქალი, რომელიც მხეცურად გააუპატიურეს და მყავს მეგობრები, რომლებიც ბავშვობაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ. ჩემი უფროსის მხრიდან სექსუალური შევიწროება არაფერი იყო იმასთან, რაც ქალებს გამოუცდიათ. მე დავარწმუნე საკუთარი თავი, რომ გამეგრძელებინა ცხოვრება და დამევიწყებინა ყველაფერი”- აღნიშნავს ერთ-ერთი ქალი psychologytoday-სთან საუბარში.

შედეგების შიში

სექსუალური ძალადობის მსხვერპლებს უამრავი შიში აწუხებთ -  შიში, რომ დაკარგავენ სამსახურს, ვერ მიაღწევენ წარმატებას, ვერ იქნებიან ფიზიკურად დაცულები, არავინ დაიჯერებს მათ ისტორიას და ყველა ახალი კარი დაკეტილი დახვდებათ. მნიშვნელოვანია შიში სამაგიეროს გადახდისა, არაერთი ისტორია ყოფილა, როდესაც მოძალადეები ძალადობის მსხვერპლებს სამსახურით, კარიერითა და ოჯახით ემუქრებოდნენ.  

უიმედობის განცდა

მსხვერპლებს, რომლებიც ძალადობრივი სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ხედავენ, ხშირად უვითარდებათ უიმედობის განცდა. ისინი ნებდებიან და არ ეძებენ დახმარებას. უიმედობის განცდა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი იტანჯება უუნარობისგან, წინააღმდეგობა გაუწიოს ძალადობას. ეს კონცეფცია ფსიქოლოგიის მკვლევარმა მარტინ სელიგმანმა და სტივენ მეიერმა განავითარეს - უიმედობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს აქვთ განცდა, რომ მათ მდგომარეობაზე არანაირი კონტროლი არ შესწევთ, ისინი უბრალოდ ნებდებიან და ბედს ეგუებიან.

სექსუალური ძალადობის მსხვერპლის ისტორია  

ადამიანები, რომლებიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლები გახდნენ ბავშვობაში,  ნაკლებად სავარაუდოა, რომ მაგალითად, სამსახურში უფროსის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ალაპარაკდნენ.  მათ, ვისაც უკვე განცდილი აქვთ სექსუალური ძალადობა, ნაკლებად მძაფრად რეაგირებენ მორიგ ძალადობაზე, ვიდრე ის ქალები, რომლებსაც ეს პირველად შეემთხვათ.

ინფორმაციის ნაკლებობა

ბევრ ადამიანს ინფორმაცია არ აქვს, თუ რას ნიშნავს სექსუალური შევიწროება და არ მიიჩნევენ მას ნამდვილ საშიშროებად. ვერ იაზრებენ, თუ რა ფსიქოლოგიური ზიანი შეიძლება მიადგეთ შევიწროებისგან, არ ითხოვენ შველას და არ აცხადებენ ამის შესახებ ხმამაღლა.

უჭირთ დაჯერება

ხშირად ადამიანები არ აცხადებენ სექსუალური ძალადობის შესახებ, რადგან ძალადობის დროს ნარკოტიკების ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ძალადობის შემდეგ მათ ბუნდოვნად ახსოვთ მომხდარი და უჭირთ დაჯერება, ნამდვილად მოხდა ეს ფაქტი, თუ არა.

კომენტარები