კორუფცია

ქობულია: "ომეგას" საკითხს არ ვიცნობ, თუ ვინმემ რამე დააშავა, პასუხი უნდა აგოს

საქართველოს პარლამენტი

"ომეგას" საკითხს არ ვიცნობ, თუ ვინმემ რამე დააშავა, პასუხი უნდა აგოს. როგორც ვიცი ამ კომპანიას აქვს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება ბიუჯეტის და ბანკების წინაშე,"- ამბობს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია ფარულ ჩანაწერზე, რომელშიც მისი წინამორბედის - დიმიტრი ქუმსიშვილის სახელი ფიგურირებს. 

დღეს რუსთავი 2-მა "ომეგა ჯგუფის" საქმეზე მორიგი ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა. მასში სავარაუდოდ, რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი წევრი ლევან ყიფიან "ომეგა ჯგუფის" ერთერთი მენეჯერს, რომლის ვინაობაც უცნობია, მინისტრებისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. ეს უკვე მეოთხე ფარული ჩანაწერია, რომელშიც ლევან ყიფიანი ფიგურირებს. ყიფიანი "ომეგა ჯგუფს", რომელიც საქართველოში BMW-ს ოფიციალური დილერია, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ნოდარ ხადურისთვის ავტომობილების ჩუქებას სთხოვს. ამ ავტომობილების საერთო ღირებულება 463,000 ლარია.

ასეთ გარიგებაში კავშირს კატეგორიულად უარყოფენ ნოდარ ხადურიც და დიმიტრი ქუმსიშვილიც.

"ეს [ქრთამის აღება] არ ყოფილა ჩემი ცხოვრების და მუშაობის წესი. ამას გეტყვით უამრავი ბიზნესმენი და ადამიანი, რომელთა საქმეების განხილვაში მონაწილეობა მიმიღია. გამოძიებასაც ვუპასუხებ საჭიროების შემთხვევაში, რადგან არავისთან შევსულვარ არაფორმალურ ურთიერთობებში ბიზნესის თემების განხილვისას, მაშინაც, როცა ვიყავი ფინანსთა მინისტრი და ახლა, როცა ვარ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი"- ამბობს ხადური. 

"დღეს მე მოვისმინე აუდიოჩანაწერები, რომელშიც ისმოდა ჩემი გვარი და გამოყენებულია ჩემი გვარი აშკარად უკანონო გამოძალვისთვის. ეს ჩემთვის არის აბსოლუტურად მიუღებელი. აბსოლუტურად ვემიჯნები მთელ ამ პროცესს,"- ამბობს ქუმსიშვილი.

ფარული აუდიოჩანაწერი

  • ლევან ყიფიანი: - აგერ, ძმაო, გადამიფორმეთ, 5 მანქანა, რაც ძველი დავალიანებაა. აქედან მერე, რაც ჩამოეჭრება და 30 მილიონიანი რესტრუქტურიზაცია, 30 მილიონის პროცენტი მომეცით. 3 მანქანა, რომელიც არის გადმომიფორმონ, რომ მე კიდევ არ გადავაგდო ფინანსთა სამინისტრო, ერთი მინისტრი და მეორე მინისტრი.
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ერთ მინისტრი რა ქუმსიშვილს არ გულისხმობ?
  • ყიფიანი: - სხვას, წინა მინისტრსაც ვგულიხმობ.
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ხადური ხომ?
  • ყიფიანი: - ჰო. ერთი კუპერი, X 4 და X 5
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ქუმსიშვილის
  • ყიფიანი: - კიი. ეს 3 მანქანა გადმომიფორმდეს, ან ვისაც მოვიყვან იმაზე გადააფორმონ იმაზე, რომ მერე მე ჯიჯღინი არ დამაწყებინოთ, მაიცა და ხვალ იყოს და ზეგ იყოს. მარა აქ მე, მარტო არა ვარ. აქ ვალდებულებებია, ამ ვალდებულებებს მე ვეღარ გავექცევი.
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - რა ვალდელბულებებია?
  • ყიფიანი: - ფინანსური ვალდებულებები.
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეგ, რას ნიშნავს?
  • ყიფიანი: - რომ უნდა გავცე ეს ვალდებულებები.
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ეს ბიუჯეტში, თუ?
  • ყიფიანი: - არა,
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, ზოგადად?
  • ყიფიანი: - ჰო. ამ მანქანების გარდა.
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - აა, მანქანების გარდა კიდე? მე არ ვიცი
  • ყიფიანი: - ჩემგან, ჩემგან, უნდა გაიცეს.
  • ომეგა ჯგუფის მენეჯერი: - ააა
  • ყიფიანი: - მე რასაც ავიღებ, კიდევ უნდა გავცე

ომეგა ჯგუფის დამფუძნებლის ზაზა ოქუაშვილის მეუღლემ, ნატო ჩხეიძემ პარლამენტში პატრიოტთა ალიანსის რიგები დატოვა. მისი თქმით, პარტიამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში მას მხარი სათანადოდ არ დაუჭირა. 

მიმდინარე გამოძიება:

ეთერში გასული ფარული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ, სადაც ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს სახელმწიფოსთან არსებული დავის მოგვარებას რამდენიმემილიონიანი ქრთამის სანაცვლოდ სთავაზობს პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყება მოყჰვა. ფარულ ჩანაწერში ყიფიანი ამბობს, რომ ქრთამის ნაწილი ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილისთვის, უჩა მამაცაშვილისთვის იქნებოდა განკუთვნილი. თავად უჩა მამაცაშვილი კორუფციასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს და ამბობს, რომ სავარაუდოდ ყიფიანი მისი სახელის გამოყენებით ცდილობდა ამ თანხის დაუფლებას. 

პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით არის დაწყებული, რომელიც დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს. პროკურატურამ საკუთარ განცხადებაში უჩა მამაცაშვილი ამგვარად მოიხსენია:

"აუდიოჩანაწერში დაფიქსირებულ გარემოებებთან კავშირი, 2018 წლის 11 სექტემბერს გავრცელებული განცხადებით უარყო ბიზნესმენმა უჩა მამაცაშვილმა, რომლის სახელიც, სავარაუდოდ, საუბარში ფიგურირებს."

ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ ლევან ყიფიანმა რკინიგზის სამეთვალყურეო საბჭო დატოვა. 

"ომეგა ჯგუფის" გაყოფის სქემა:

17 სექტემბერს რეუსთავი 2-მა გამოაქვეყნა კიდევ ერთი ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სავარაუდოდ, ოლიგარქი ვანო ჩხარტიშვილი მონაწილეობს. ჩხარტიშვილი, ზაზა ოქუაშვილი და კომპანია "თბილისი თამბაქოს" აქციონერი ირაკლი ჩუბინაშვილი საუბრობენ "ომეგა ჯგუფის" გაყოფაზე და მისი აქტივებიდან ახალი ჰოლდინგური კომპანიების ჩამოყალიბებაზე, საიდანაც 25%-25%-იანი წილი "ომეგა ჯგუფის" და "თბილისის თამბაქოს" საკუთრება გახდებოდა, ხოლო 50% კი წავიდოდა ორგანიზაციაში, რომელსაც საუბრის მონაწილეები "ფონდად" მოიხსენიებენ. ნატო ჩხეიძის ინფორმაციით, ეს ფონდი სინამდვილეში ქართული ოცნება იქნებოდა. 

"ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, ეს არის რომ უნდა შეხვიდე ქვეყანაში არსებულ კორუფციულ მორევში და ამას ცხადია, ზაზა არ გააკეთებდა და არც გააკეთა, ამიტომ არის, რომ დღეს OGT დახურულია, აღარ მუშაობს, თანამშრომლები ვეღარ არიან იქ, ვერაფერს ვერ აწარმოებენ, ეს არის ამ სქემის მიუღებლობის შედეგი,"- ამბობს ნატო ჩხეიძე. 

"ომეგა ჯგუფს" სახელმწიფოს წინაშე 51 მილიონის დავალიანება მართებს. ამ ვალის უდიდესი ნაწილი თამბაქოს მწარმოებელ კომპანია "ოჯთ"-ს უკავშირდება, რომელიც გასული წლების განმავლობაში მის მიერ წარმოებული სიგარეტის აქციზის გადასახადის გადასხდას თავს არიდებდა. 

ზაზა ოქუაშვილის და ომეგა "ჯგუფის შესახებ"

ზაზა ოქუაშვილი საქართველოს ერთ-ერთი უმდიდრესი მოქალაქეა, მან 1991 წელს დააფუძნა “ომეგა ჯგუფი”, რომელშიც შედის: “ომეგა მოტორსი”. "ომეგა მოტორსი" დღეს საქართველოში BMW, Bentley, Opel, Chevrolet, Maserati, Iveco და Mini-ს ოფიციალური დილერია. “ომეგას" შემადგენლობაში შედის სიგარეტის საწარმო “ოჯთ”. ტელეკომპანია იბერია ზაზა ოქუაშვილმა 2000 წელს დააფუძნა. 

ზაზა ოქუაშვილი დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში პატრიოტთა ალიანსის ერთადერთი დეპუტატია. ოქუაშვილი 1999-2004 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრიც იყო. ის საკანონმდებლო ორგანოში პარტია აღორძინების სიით მოხვდა.

 

კომენტარები