ხორავას ქუჩის საქმე

საგამოძიებო კომისიის დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა

სასჯელაღსრულების სამინისტრო

ხორავას ქუჩის საქმეზე პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ დამტკიცებულ დასკვნას საპარლამენტო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. სანაცვლოდ, ოცნებამ მიიღო დოკუმენტი, რომელიც არ წარმოადგენდა საგამოძიებო კომისიის უმრავლესობის მიერ მხარდაჭერილ დოკუმენტს. ოცნების წარდგენილ დადგენილებას მხარი 73-მა დეპუტატმა დაუჭირა.

"ევროპულმა საქართველომ" საგამოძიებო კომისიის დასკვნის უგულებელყოფისთვის პროტესტის ნიშნად დღეს სხდომათა დარბაზიც დატოვა. 

ქართული ოცნების მიერ მომზადებული დოკუმენტის მიხედვით, კომისიის მუშაობის შედეგად არ გამოკვეთილა ახალი პირდაპირი ან თუნდაც ირიბი მტკიცებულება - ვინ მიაყენა დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა.

"ვერ დადასტურდა სხვა პირის არსებობა, რომელიც საგამოძიებო სამსახურებსა და
პროკურატურას უნდა მიეცათ პასუხისგებაში დავით სარალიძის მკვლელობისათვის - მისთვის
სასიკვდილო ჭრილობის მიყენების ფაქტზე.... გამოიკვეთა, რომ ფარდულის დემონტაჟი განხორციელდა ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ, დანის დაზიანება არ მომხდარა განზრახ" - წერია დოკუმენტში.

ოცნების დადგენილებაში პირდაპირ წერია, რომ არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში გამოკვეთილი ხარვეზები არ შეიძლება ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს როგორც თანამდებობის პირდთა მხრიდან გამოვლენილ გადაცდომად ან უფლებამოსულების ბოროტ გამოყენებად:

"წარმოდგენილი მასალების და მტკიცებულებების გამოკვლევის/შეფასების საფუძველზე,
ნათელია, რომ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების ჩაუტარებლობას ან დაგვიანებით
ჩატარებას აქვს განსხვავებული მიზეზები და კომისიის მიერ შესწავლილ და მოპოვებულ
მასალებზე დაყრდნობით შეუძლებელია ეს ერთმნიშვნელოვნად შეფასდეს რომელიმე
თანამდებობის პირის მხრიდან გადაცდომად ან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებად,"- წერია დოკუმენტში.

სრულიად განსხვავებულია საპარლამენტო უმცირესობის დასკვნა. გთავაზობთ, ამ დასკვნის ძირითად პუნქტებს:

  • მ.კ.-ს მიმართ ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება 
  • მირზა სუბელიანის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - კერძოდ: საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის ცრუ ახსნა-განმარტების მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გამოსაკითხ პირზე, მოწმეზე, დაზარალებულზე, ექსპერტზე ან თარჯიმანზე ზემოქმედების განხორციელება, გამოძიებისთვის ხელის შეშლა
  • მოწმეების მიმართ ცრუ ჩვენების და ცრუ ახსნაგანმარტების მიცემის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • გამოძიების დაწყება წეროვანიდან გ.ჯ.-ს წაყვანის დროს დანაშაულის დაფარვის და შეუტყობინებლობის ფაქტზე
  • გ.მ.-ს დაჭრის ფაქტზე გამოძიების დაწყება
  • საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამდებობის პირების პასუხისმგებლობა საგამოძიებო პროცესში ჩადენილი დარღვევების გამო
  • სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე პასუხისმგებელი მოხელეების/თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დარღვევებზე რეაგირება
  • ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ქმედებებზე გამოძიების დაწყება - სამსახურეობრივი გულგრილობისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენებისთვის
  • შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რომ მათ დატოვონ დაკავებული თანამდებობები

დასკვნაში ასევე გაცემულია რეკომენდაციები განათლების სამინისტროსთვის; ხაზგასმულია მანდატურებისა და სკოლის დირექტორების პასუხისმგებლობა. ასევე დაყენებულია ინიციატივები განათლების კანონმდებლობის დახვეწასთან დაკავშირებით, რათა გაიზარდოს სკოლებში უსაფრთხოება და მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი დანაშაულები. 

 

კომენტარები