ჯანმრთელობა

WHO: მსოფლიოში 20 სიკვდილიდან 1 ალკოჰოლის მოხმარებითაა გამოწვეული

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 2016 წელს ალკოჰოლის მოხმარების გამო მსოფლიოს მასშტაბით 3 მილიონ ადამიანზე მეტი გარდაიცვალა. ეს ნიშნავს, რომ 20 სიკვდილიდან 1 სწორედ ალკოჰოლმა გამოიწვია.

21 სექტემბერს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ალკოჰოლის მოხმარების გამო გარდაცვლილთაგან 75%-ზე მეტი კაცია.

დადგინდა, რომ ალკოჰოლის მიღება იქცა დაავადებების 5%-ზე მეტის მიზეზად, ასევე იყო 200-ზე მეტი დაავადებისა და დაზიანების ხელშემწყობი ფაქტორი.

ამავე მონაცემებით, სიკვდილის ყველაზე ხშირი მიზეზი (28%)ფიზიკურ დაზიანებებზე მოდის. მეორე ადგილს (21%) საჭმლის მომნელებელი სისტემის პრობლემები იკავებს, შემდეგი კი გულსისხლძარღვთა დაავადებებია(19%). სხვა შემთხვევებში, გარდაცვალების მიზეზი ინფექციური დაავადებები, სიმსივნეები, ფსიქიკური აშლილობები და ალკოჰოლის მიღებასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები გახდა.

WHO-ს მონაცემებით, ალკოჰოლის მოხმარებისგან გამოწვეული აშლილობები მსოფლიოს მასშტაბით 237 მილიონ კაცს და 46 მილიონ ქალს აღენიშნება. ამ მაჩვენებლით პირველ ადგილზე ევროპაა.

მსოფლიოს მასშტაბით ალკოჰოლი 2.3 მილიარდამდე ადამიანი იღებს. 45% სპირტიან სასმელებზე მოდის, 34% - ლუდზე, 12% კი ღვინოზე.

გასულ თვეში გამოქვეეყნებული გლობალური კვლევის შედეგების მიხედვით, არ არსებობს ალკოჰოლის ოდენობა, რაც ჯანმრთელობისთვის მავნე არ იქნებოდა.
 

კომენტარები