პანკისი

პანკისობა 2018-ის ღონისძიებები მაჩალიკაშვილის ოჯახის პროტესტის გამო გაუქმდა

„პანკისობა 2018“ ჩაიშალა. დაგეგმილი ღონისძიებები თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრების და მათი მხარდამჭერების პროტესტის შედეგად გაუქმდა.

სოფელ დუისში მათ ის ტერიტორია გადაკეტეს, სადაც პანკისობა უნდა გამართულიყო. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, „ტაშფანდურის გამართვა“ მისი შვილის საფლავის მახლობლად სურდათ:

„ეს იყო ჩვენთვის ძალიან მიუღებელი, ჩვენთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის იყო მიუღებელი, ეს არ შეიძლებოდა და ამან გამოიწვია ეს პროტესტიც“ - ამბობს მაჩალიკაშვილი.

აქციის მიმდინარეობისას ინციდენტი მოხდა - რამდენიმე ქალს და ბავშვს ავტომობილი დაეჯახა. მათ მსუბუქი დაზიანებები მიიღეს. მძღოლი პოლიციაში გადაიყვანეს.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა იოსებ ქარუმაშვილმა ინტერპრესნიუსს უთხრა, რომ ღონისძიებების გაუქმების გადაწყვეტილება“დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად“ მიიღეს:

„პანკისობის“ დღესასწაული ათეულ წელს ითვლის და ადგილობრივები ხელმოწერებს აგროვებდნენ, რომ „პანკისობა 2018“ ჩაგვეტარებინა, თუმცა დღეს ასე მოხდა“ - ამბობს ქარუმაშვილი.

კომენტარები