მართლმადიდებელი ეკლესია და სახელმწიფო

მეუფე იაკობი: ბატონი ბიძინა არ არის ის კაცი, კანაფზე ან ოპიუმის ყაყაჩოზე ფიქრობდეს

ტვ პირველი

მეუფე იაკობის თქმით, მმართველმა გუნდმა იჩაქარა, როდესაც კანაფის ექსპორტის შესახებ ინიციატივებზე ალაპარაკდა. 

ტვ პირველთან ინტერვიუში ბოდბელი ეპისკოპოსი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამო ხალხმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სრულიად უცნობ ადამიანებს მისცა ხმა და ახლა, როცა მათ ამხელა პასუხისმგებლობა აკისრიათ, ერის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამენ. 

"ივანიშვილთან ვიღაცას ხომ უნდა მიეტანა ეს იდეა. ბატონი ბიძინა არ არის ის კაცი, ან კანაფზე ფიქრობდეს, ან ოპიუმის ყაყაჩოზე. ვიღაცებმა ბიზნესგეგმა მიუტანეს ეტყობა, იმ ხალხმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ეს იყო ძალიან სასარგებლო. მოისმინა, მოისმინა და შეიძლება უთხრა, კარგიც არისო. მე არ ვიცი, არ დავსწრებივარ იმ საუბრებს. 

ახლა სახელისუფლებო გუნდში თუ ვინმეა ავტორიტეტი, არის ბატონი ბიძინა. მაგისი ავტორიტეტი მერე ვრცელდებოდა სხვებზე, როცა პრეზიდენტის არჩევნები იყო, როცა 2016 წლის არჩევნები იყო. მაშინ მე ვბრძანე, რომ ჩვენთვის უცნობ ხალხს ერმა ხმა მისცა, თან საკონსტიტუციო უმრავლესობით. მე ვფიქრობ, რადგან ამხელა პასუხისმგებლობა აქვთ, ერის საწინააღმდეგო ნაბიჯებს არ გადადგამენ. მე მჯერა ამის. ადამიანები ვართ, მეც ეპისკოპოსი ვარ და ყველას შეიძლება შეეშალოს. იჩქარეს, ჩვენს ენაზე ამას სრულსწრაფობა ჰქვია", - თქვა მეუფე იაკობმა ტვ პირველის ეთერში. 

საქართველოს მთავრობამ 16 სექტემბერს განაცხადა, რომ მარიხუანის საექსპორტო პოტენციალს სწავლობდა. განიხილებოდა მოდელი, რომლის მიხედვითაც საქართველოში მოიყვანდნენ და გადაამუშავებდნენ მარიხუანას, რომელიც სამედიცინო მიზნებისთვის იქნება განკუთვნილი. გადამუშავებული პროდუქტი კი ექსპორტზე უნდა გასულიყო. ამასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

მთავრობის ინიციატივას სასულიერო პირების ნაწილი შეეწინააღმდეგა. ისინი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომასაც დაესწრნენ, სადაც სწორედ შსს-ის მიერ მომზადებული კანონპროექტი განიხილებოდა. 

ცვლილებებს ეწინააღმდეგებოდა მეუფე იაკობიც, რომელმაც თქვა, რომ მთავრობა "ნარკოკარტელებს გააკეთებს და ეგ იქნება", ასევე, 17 სექტემბერს განაცხადა, რომ "2012-ში ვერ იფიქრებდა, რომ ასე საუბარი მოუწევდა და რომ ამ ადამიანებს [მმართველ გუნდს] ვეღარ ცნობს. 

მალევე, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება, რომ მარიხუანის ექსპორტის შესახებ ინიციატივა შეჩერდა, საჭიროების შემთხვევაში კი მას პარლამენტიდან საერთოდ გაიწვევენ. 

კომენტარები