არჩევნები 2018

თალაკვაძე: ამორალურია - ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ, ვინც 2008 წელს გაიქცა

0 კომენტარი
ფოტო: ქართული ოცნება

​საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილს უგონებენ, რომ ის 2008 წლის ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.

"სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ თქვა, რომ საქართველოში რუსეთის მხრიდან განხორციელდა აგრესია და ადგილი აქვს უკანონო ოკუპაციას. ეს თანხვედრაშია ჩვენი გუნდის პოზიციასთან და ეს პოზიცია არ გადაიხედება მომავალში. მინიმუმ ამორალურია, როდესაც სალომე ზურაბიშვილს დეზინფორმაციას უგორებენ ის ადამიანები, რომლებმაც 2008 წლის ომში სწრაფი სირბილით გამოიჩინეს თავი და რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ, რას ნიშნავს სამშობლო და ქვეყნის ინტერესები. საქართველო ამ ომში გაიმარჯვებს და რუსეთი ქვეყნიდან გავა. გრიგოლ ვაშაძე კი არის ის ადამიანი, რომელსაც 2009 წლამდე ვერ გააგდებინეს ხელიდან რუსული პასპორტი. ის, როგორც რუსეთის მოქალაქე მონაწილეობდა საქართველოს მთავრობის საქმიანობაში და მე ვფიქრობ, რომ მას მორალური უფლება არ აქვს სალომე ზურაბიშვილი გააკრიტიკო" - თქვა თალაკვაძემ.

პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც მხარს ქართული ოცნება უჭერს, არაერთხელ თქვა, რომ 2008 წლის ომი საქართველომ დაიწყო. 

2018 წლის 6 აგვისტოს თქვა, რომ "ომი დაიწყო საუკუნის წინ რუსეთმა", მაგრამ "საომარი ვითარების ეს ნაწილი საქართველომ დაიწყო". 

2018 წლის 8 აგვისტოს მან თქვა, რომ "იმ მომენტში პროვოკაციაზე აყოლა და შენს ტერიტორიაზე, შენს მოსახლეობაზე მასიური დაბომბვის დაწყება, ამას რა ჰქვია – უგუნურობა, გიჟი პრეზიდენტის ახირება, თუ რაღაცა უცნაური და გაუგებარი გარიგება ჩვენს საუკუნოვან მტერთან". 

2018 წლის 9 აგვისტოს მან დაახლოებით იგივე გაიმეორა, როცა ფეისბუქზე დაწერა: "კითხვაზე, შეიტანეს თუ არა წვლილი რუსული სცენარის განხორციელებაში სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ პასუხი არის ასევე ერთმნიშვნელოვანი - დიახ [...] ეს იყო სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის უდიდესი დანაშაული ქართველი ხალხისა და ქართული სახელმწიფოს წინაშე, რისი გახსენებაც ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია". 

2018 წლის 11 სექტემბერს ზურაბიშვილმა თქვა: "ჩვენ დავბომბეთ ჩვენი მოსახლეობა, რისი უფლება არც ერთ პრეზიდენტს არ გააჩნია. ჩვენ მეორე დღეს როგორ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ გვინდა მთლიანობა ამ ქვეყნის? მე მინდა მთლიანობა ამ ქვეყნის და არ მინდა, რომ არც ერთ პრეზიდენტმა დაბომბოს თავისი ტერიტორია და თავისი მოქალაქეები. მართალი არის, რომ ცხინვალი იყო დიდწილად დაცლილი რუსეთის მიერ, რაც იყო პროვოკაციის ნაწილი, იქ შეიძლება კიდევ სხვა რამე იყო, გარიგებები... ეს ისტორია არ დაწერილა ბოლომდე.". 

ზურაბიშვილმა რიტორიკა 17 სექტემბერს შეცვალა, მას შემდეგ, რაც მედიამ დაწერა, რომ ზურაბიშვილის ამ განცხადებებს შესაძლოა საერთაშორისო სასამართლოებში საქართველოსთვის მძიმე შედეგი მოჰყოლოდა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის კუთხით. 

2018 წლის 17 სექტემბერი: "მე ოდითგან და, მგონი, დაბადებიდან ვამბობ, რომ რუსეთი არის საქართველოს მტერი და რუსეთმა დაიწყო ომი და ჩვენ ეს ვიცოდით". 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები