დიდ ბრიტანეთში ჰარი პოტერის მშობლიური სახლი იყიდება, რომელიც სუფოლკში, ლავენჰემის დასახლებაში მდებარეობს.
სახლი გასაყიდად 2017 წლის ზაფხულში გამოიტანეს. მისი ფასი ერთ მილიონ გირვანქა სტერლინგს აღწევს.
მეთოთხმეტე საუკუნეში აშენებული სახლი ფილმში "ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები" ჰარის დაბადების ადგილადაა გამოყვანილი. სწორედ აქ დახოცა ლორდმა ვოლდემორმა ლილი და ჯეიმს პოტერები.
სახლის მფლობელი კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, მომავალი მფლობელი მზად უნდა იყოს, რათა მცხოვრებლის გარდა მისი მომვლელის ფუნქციაც შეითავსოს.
სახლს სახელი დე ვერების გვარის მიხედვით ეწოდა. ეს უკანასკნელნი შუა საუკუნეებში მეფის შემდეგ მეორე ყველაზე მდიდარ ოჯახს წარმოადგენდნენ და ლევენჰემში არსებულ ისტორიულ შენობათა უმეტესობაც მათ უკავშირდება.
სახლს შუა საუკუნეებისთვის დამახასიათებელი არაერთი დეტალი აქვს შემორჩენილი. მათ შორის ბუხრები, კედლის მხატვრობა და იშვიათი ქვის სპირალური კიბე.
შენობა ლავენჰემის შუა საუკუნეების 340 ყველაზე კარგად შემონახულ სახლებს შორისაა დასახელებული.