რუსეთი

რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი გათავისუფლებისთანავე ხელახლა დააკავეს

ალექსეი ნავალნი
AP

რუსული ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი 30-დღიანი სასჯელის მოხდის შემდეგ საპატიმროდან გამოსვლისთანავე ხელახლა დააკავეს.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი სპიკერი წერს. მისი თქმით ნავალნი მოსკოვის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.

ნავალნი სასჯელს 28 იანვარს მოსკოვში არასანქცირებული საპროტესტო აქციის ორგანიზებისათვის იხდიდა. მას ბრალად ამჯერადაც საპროტესტო აქციების გამართვასთან დაკავშირებული კანონების დარღვევა ედება და 20 დღემდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ნავალნის თქმით მას იმიტომ აპატიმრებენ, რომ საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები ვერ გამართოს. რუსეთის მასშტაბით რეფორმა ათასობით ადამიანმა მაინც გააპროტესტა. პოლიციამ 150 მომიტინგე დააკავა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპენსიო რეფორმა ივნისში დააანონსეს. რეფორმა მამაკაცებისათვის საპენსიო ასაკს 60-დან 65 წლამდე აწევს, ხოლო ქალებისათვის 55-დან 63 წლამდე. ცვლილება ეტაპობრივად მოხდება, კაცებისთვის ასაკის ზრდა 2028 წელს, ხოლო ქალებისთვის კი 2034 წელს დასრულდება.

კომენტარები