მარიხუანას კულტივაცია

ზურაბიშვილი: მე ვიქნები საინფორმაციო კამპანიის სათავეში, მარიხუანა დაავადებაა

პარლამენტი

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბათუმში ამომრჩეველს შეხვდა. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ მარხუანას დაავადებად მიიჩნევს - "მარიხუანა არის დაავადება, ასევე, როგორც ბევრი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკი" - ამბობს ზურაბიშვილი.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტობის კანდიდატმა ასევე აღნიშნა, რომ ადამიანებს მარიხუანას მოხმარების გამო არ უნდა იჭერდნენ, ამიტომაც, ის დეკრიმინალიზაციის მომხრეა. ზურაბიშვილის თქმით, იგი ნარკოტიკეების წინააღმდეგ საინფორმაციო ბრძოლის სათავეში იდგება.

"კანონპროეტების შეტანა-გამოტანაზე მე არ ვსაუბრობ, იმიტომ, რომ ვარ პარლამენტის წევრი, ჯერ კიდევ, მაგრამ ვარ პირველ რიგში საპრეზიდენტო კანდიდატი. მე ვთქვი ამაზე და გავიმეორებ, რომ ვარ მომხრე დეკრიმინალიზაციის, რადგან ეს არის იმაზე უარის თქმა, თუ რა ხდებოდა სააკაშვილის რეჟიმის დროს, როცა იყო ციხე გამოყენებული, როგორც პოლიტიკური იარაღი, შანტაჟი ოჯახებზე და ა.შ. მარიხუანა არის დაავადება, ასევე, როგორც ბევრი სხვა უფრო მძიმე ნარკოტიკი და ერთიდან მეორეზე გადასვლა ბევრად ადვილია, ვიდრე რასაც ვისმენთ ზოგჯერ. მე ვიქნები და საინფორმაციო კამპანიის სათავეში, სწორედ ამ ბრძოლის." - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მარიხუანის მოხმარება ლეგალური საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით გახდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ "მარიხუანის მოხმარება წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას". 2018 წლის 30 ივლისამდე, "ამ ნივთიერების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება" ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენდა და სანქცია 500 ლარს შეადგენდა.  აღსანიშნავია, რომ მარიხუანას მოხმარება დეკრიმინალიზებული ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2017 წლის 30 ნოემბრიდან გახდა, იქამდე - სისხლის სამართლის კოდექსით ისჯებოდა.

მარიხუანის მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეგულაციები შეიმუშავა და განსაზღვრა - ვის და სად არ შეეძლება მარიხუანის მოწევა. 

გარდა რეგულაციებისა, შსს-ს ინიციატივაში ასევე საუბარი იყო კანაფის სამედიცინო მიზნით კულტივაცია-ექსპორტზე. თუმცა, სასულიერო პირების პროტესტის გამო, კანონპროექტის ეს ნაწილი განუსაზღვრელი დროით შეჩერდა. 

კომენტარები