ვანო მერაბიშვილის საქმე

ადვოკატები: მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ მერაბიშვილის მკურნალობა წავიდეს მცდარი გზით

0 კომენტარი
ფოტო: რადიო თავისუფლება

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს ამ ეტაპზე არავითარი მკურნალობა არ უტარდება - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილის ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

ადვოკატების თქმით, მერაბიშვილის მდგომარეობა ბევრად მძიმეა და უფრო კომპლექსურ დიაგნოზს და მკურნალობას საჭიროებს. 

"ვანო მერაბიშვილის მდგომარეობა აგვისტოში დამძიმდა. 15 აგვისტოს მას დაუსვეს რინიტის დიაგნოზი და დაუნიშნეს ნაზონექსით (ცხვირის „სპრეი“) მკურნალობა. მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. 17 აგვისტოს მას დაუსვეს ახალი "დიაგნოზი" - კონიუნქტივიტი და ამჯერად დაუნიშნეს თვალის წვეთებით მკურნალობა. როგორც მოსალოდნელი იყო, მერაბიშვილის დიაგნოზი ბევრად უფრო მძიმეა და უფრო კომპლექსურ დიაგნოზს და მკურნალობას საჭიროებს, ვიდე ცხვირის „სპრეი“ და თვალის წვეთები და შესაბამისად, არც პირველ და არც მეორე მკურნალობას შედეგი არ გამოუღია. პაციენტის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, ვიზუალურად მოხდა სახის დეფორმირება, ასევე ამას დაერთო სუნთქვის პრობლემები - პაციენტი პრაქტიკულად ვერ სუნთქავს ცხვირით.

12 სექტემბერს პაციენტი კიდევ ერთხელ გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც დაუდგინეს ჰორნერის სინდრომი, ადრე აღმოჩენილ დაავადებებთან ერთად.

შეგახსენებთ, ჰორნერის სინდრომი გახლავთ სახის ნაწილობრივი დამბლა. ბოლო დიაგნოსტიკის შემდეგ, 13 სექტემბერს, სასჯელაღსრულების სამინისტრომ გვაცნობა, რომ დამატებითი დაავადების დადგენის შემდეგ, მერაბიშვილი მკურნალობას არ საჭიროებს. ამ დროს, მისი მდგომარეობა განუწყვეტლივ მძიმდება",-წერია ადვოკატების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.  

ადვოკატების თქმით, დღემდე უცნობია თუ რამ გამოიწვია ჰორნერის სინდრომი და რა გამწვავაბები შეიძლება მოყვეს მას. 

მათი თქმით, მერაბიშვილის მდგომარეობა არის უფრო მძიმე ვიდრე ეს ასახულია სასჯელაღსრულების დოკუმენტში და ყოფილ შს მინისტრს აქვს გარე ინტოქსიკაციის ნიშნები.

"მოვლენათა ეს თანმიმდევრობა იძლევა მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთების საშუალებას - მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რომ როგორც მინიმუმ, მერაბიშვილის მკურნალობა და დიაგნოსტირება წავიდეს მცდარი გზით.

მოვითხოვთ, რომ ვანო მერაბიშვილი სასწრაფო წესით იქნას გადაყვანილი სამოქალაქო მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებაში და მოგვეცეს სწორი დიაგნოზისა და მკურნალობის დანიშვნის საშუალება",- ამბობენ ადვოკატები. 

შეგახსენებთ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს, რომ ყოფილი პრემიერის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მას ინტოქსიკაციის ნიშნები აქვს. მათ პაციენტის დიაგნოზიც გაასაჯაროვეს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე და ყოველგვარი პოლიტიკური სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, დიაგნოზი გასაჯაროვდეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად, მსჯავრდებულს დაუდგინდა დიაგნოზი: ვაზომოტორული რინიტი; ჰორნერის სინდრომი (მარჯვნივ), ბლეფარო-კონიუნქტივიტი" - წერია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.

ასევე, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება "ძალა ერთობაშია"-ს ლიდერები ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილის ვადამდელ გათავისუფლებას ითხოვენ. დღეს გამართულ ბრიფინგზე, მამუკა გამყრელიძემ და ზურაბ ხარატიშვილმა განაცხადეს, რომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილსა და იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს მიმართავენ. მათი მოთხოვნა ვანო მერაბიშვილის საავადმყოფოში გადაყვანა და შესაბამისი კვლევებისა და მკურნალობის დაუყოვნებლივ ჩატარებაა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები